უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის 22 ადვოკატი ხელმძღვანელობის მიერ ადვოკატთა საქმიანობის შეფასების ახალი სტანდარტის შემუშავებას აპროტესტებს

უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის 22 ადვოკატი მათი ხელმძღვანელი პირების მიერ ადვოკატთა საქმიანობის შეფასების ახალი სტანდარტის შემუშავებას აპროტესტებს. სტანდარტის მიხედვით, სახაზინო ადვოკატებს დაეკისრებათ ვალდებულება, მათ მიერ წარმოებული საქმეეების შინაარსის შესახებ წერილობითი ანგარიში მოამზადონ, რომელსაც უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს წარუდგენენ.

როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აღნიშნული სტანდარტი სისხლის სამართლის საქმეებზე ვრცელდება და გულისხმობს იმას, რომ მათ კლიენტთან დაკავშირებული საქმის დეტალები უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს უნდა აცნობონ.

„ეს საკითხი ეხება უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატების ღირსების დაცვას. ამ სამსახურის ადვოკატებზე ჩვეულებრივად მოქმედებს ადვოკატთა ეთიკის კოდექსი და საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება. სისტემა, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების სამსახურმა შეიმუშავა, ძირეულად ეწინააღმდეგება მოცემულ პრინციპს და ეს არამარტო ჩვენი, არამედ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აზრიც არის, რომელმაც ჩვენი მხარის პოზიცია სრულიად გაიზიარა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციას გამოუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ევროპის ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული სტანდარტის წესები ძირეულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კინვენციის მე-6 მუხლს, რაც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას გულისხმობს”,- განაცხადა ადვოკატმა გიორგი თითბერიძემ.

ადვოკატების ინფორმაციით, უფასო იურიდიული დახმარების სამსახურმა მელიტონ ბენიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნული სტანდარტი 2016 წლის 2 მარტს შეიმუშავა, ადვოკატების მიერ გამოთქმული პროტესტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ კი სტანდარტის მოქმედება შეწყდა. როგორც სახაზინო ადვოკატები აცხადებენ, საქმის განხილვა სასამართლოში ბოლო ფაზაში შედის და ხვალ ფინალური განხილვა ჩატარდება. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლო სტანდარტს ბათილად არ ცნობს, სახაზინო ადვოკატები გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა