ანა ნაცვლიშვილი - განცხადებები, რომლებიც ტელეკომპანია „იბერიას” წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა, ძალიან საყურადღებოა

ის განცხადებები, რომლებიც ტელეკომპანია „იბერიას” წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა, არის ძალიან საყურადღებო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტსა და ტელეკომპანია „იბერიას" წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ძლიერი და მრავალფეროვანი მედია იყო, რასაც ბოლო დროს არაერთხელ შეექმნა საფრთხე.

„დღეს პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიას" წარმომადგენლებს ხვდება, რათა უშუალოდ მათგან მოისმინოს სრული ინფორმაცია და ყველა დეტალი იმ საქმის ირგვლივ, რომელიც ეხება შესაძლო ზეწოლას ამ ტელეკომპანიაზე. საზოგადოებაში ვრცელდება გარკვეული აუდიოჩანაწერები, რომელიც ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს და ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს მეთაურს აქვს სურვილი, რომ უშუალოდ შეხვედრის დროს მოხდეს ამ ყველაფერზე საუბარი. ჩვენ მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეგვეძლება უფრო მეტად ჩავიხედოთ საქმეში, გვქონდეს უფრო დეტალური შეფასებები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ უთქვამს პრეზიდენტს თავის საჯარო გამოსვლებში - ამ ქვეყანაში თუ რამე შედგა, ეს არის მეოთხე ხელისუფლება, ანუ ძლიერი და მრავალფეროვანი მედია, რომელიც 2012 წლის ცვლილებების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ ამ მონაპოვარს შეექმნა საფრთხე და გვახსოვს არაერთი საქმე. ამიტომ, ამ ფონზე ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ტელეკომპანია „იბერიას” წარმომადგენლების მხრიდან, არის ძალიან საყურადღებო. საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი დღე საჭიროებს იმას, რომ ქვეყანაში შეუფერხებლად ფუნქციონირებდნენ მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი აზრის გამაჟღერებელი მედიასაშუალებები და ბუნებრივია, ამ შემთხვევას, ისევე როგორც ყველა წინა შემთხვევებს, რომელიც მედიას ეხება, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდებით",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ჩანაწერებთან დაკავშირებით, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელების საფუძველზე, რომელიც შესაძლოა, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.

„კოდექსი, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედია, ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც საჯარო სივრცეში გავრცელებული, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, არ საჭიროებს იმას, რომ მაინცდამაინც შესაძლო დაზარალებულმა მიმართოს პროკურატურას. პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ საჯარო სივრცეში ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ავტომატურად დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს