ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზაზე, 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება სულ 4-მა კომპანიამ წარმოადგინა.

მათივე ცნობით, შემდეგ ეტაპზე, შეთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდება და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

„ამ ეტაპზე, სატენდერო წინადადებები წარმოდგენილია პირველი ლოტის (გვირაბის) მშენებლობისთვის. ქვეშეთი-კობის გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7 კმ-იანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. 9 კმ-იანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

ქვეშეთი - კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს