ადვოკატი - სამართალდამცველები ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, ვითომ დ.ღ.-ს მიერ მიცემული ჩვენებით დავით სარალიძის მკვლელი არ დადგინდა, რაც აბსურდია

პროკურატურა, სამართალდამცველები ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, ვითომ დ.ღ.-ს მიერ მიცემული ჩვენებით დავით სარალიძის მკვლელი არ დადგინდა, რაც აბსურდია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ.-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის შეფასებით, დ.ღ. პროკურატურის პირადი პატიმარია.

"დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დ.ღ. პროკურატურის პირადი პატიმარია. მის მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია. შესავალ სიტყვაში სასამართლოს დავუსაბუთეთ, რომ არც ერთი მოწმე არ არის საქმეში, არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს. მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. კონსტიტუცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ბავშვთა უფლებათა კონვენცია - ყველაფერს გადააბიჯა სასამართლომ და სრულიად უკანონოდ, დაუსაბუთებლად დაგვიტოვა არასრულწლოვანი პატიმრობაში, მაშინ როცა ეს საჭირო არ იყო. არც ერთი მოწმე არ საუბრობს მის დანაშაულზე და გამოდის, რომ პროკურატურა, სამართალდამცავები ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, ვითომ დ.ღ.-ს მიცემული ჩვენებით დავით სარალიძის მკვლელი არ დადგინდა, ეს აბსურდია. პირველი დღიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლეს საუბრობს. სასამართლომ მხარი აუბა პროკურატურას და დ.ღ.-ს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს", - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანი დისკრიმინაციის მსხვერპლიცაა და ამის მაგალითად ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის კიდევ ერთი ფიგურანტი, მ.კ. მოყავს, რომელიც დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიმდინარეობს დისკრიმინაციული მოპყრობა. მოგეხსენებათ, არასრულწლოვან მ.კ. -ს მძიმე დანაშაულის დაფარვაზე აქვს ბრალი წაყენებული და იგივე სასჯელს ითვალისწინებს, რასაც ჩვენი. ის ერთი წუთი არ ყოფილა დაკავებული. მ.კ.-ს მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიება - დედის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა, ხოლო დ.ღ. პირველივე დღეს დააკავეს და დღემდე ამყოფებენ პატიმრობაში. ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-5 მუხლის დარღვევა. ესეც კი უგულებელყო მოსამართლემ და დ.ღ. გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა", - განაცხადა დ.ღ.-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება დ.ღ.-ს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო