არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა საუბარი უმრავლესობის სხდომაზე მარიხუანას ექსპორტზე გატანის საკითხზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა საუბარი გუშინ უმრავლესობის სხდომაზე მარიხუანას ექსპორტზე გატანის საკითხზე.

„მარიხუანასთან დაკავშირებულ ცვლილებების საკითხზე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც კანონპროექტზე მუშაობს და ჩვენ ველოდებით როდესაც მთავრობა განიხილავს კანონპროექტს და წარმოადგენს პარლამენტში. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება მსჯელობა ცვლილებებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ამ სფეროში გარკვეული საკანონმდებლო ვაკუუმია და ჩვენ ვალდებული ვართ, ახალი რეგულაციები შემოვიღოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი თაობა დაცული იყოს ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანისგან და ნარკოდამოკიდებულ პირებს ხელი მიუწვდებოდეთ მკურნალობაზე და რეაბილოტაციაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

სააგენტოს ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა. თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს.

ამავე პაკეტის ფარგლებში განიხილება შეზღუდვების შემოღება მარიხუანას მოხმარების წესებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთავრობა მარიხუანას მოხმარების აკრძალვას გეგმავს. აკრძალვა ასევე გავრცელება გარკვეული პროფესიული წრეების წარმომადგენლებზე.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ ახლო მომავალში გავა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს