რომან გოცირიძე მარიხუანას წარმოებაზე - არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ექსპორტისთვის შექმნილი საქონელი არ მოხვდება შიდა ბაზარზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველო მარიხუანას წარმოების დაწყებისთვის მზად არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ექსპორტისთვის შექმნილი საქონელი არ მოხვდება შიდა ბაზარზე. გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ინიციატივას აუცილებლად შეეწინააღმდეგება.

„მსგავსი ინიციატივისთვის საქართველო არ არის მზად. ჯერ ერთი გაურკვეველია ვინ აწარმოებს მას, კერძო ბიზნესი თუ სახელმწიფო?! თუ სახელმწიფო აწარმოებს, ეს აბსოლუტურად სასაცილო და აბსურდული იქნება. მეორე მხრივ, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ექსპორტისთვის შექმნილი საქონელი არ მოხვდება შიდა ბაზარზე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კორუფცია დაბრუნდა საქართველოში და ყოველთვის იქნება იმის შესაძლებლობა, რომ მისი რეალიზაცია მოხდეს ქვეყნის შიგნით. არ მგონია, რომ მარიხუანას ექსპორტიდან იმდენი შემოსავლის მიღება შეიძლებოდეს და იმ მასშტაბის წარმოება განვითარდეს, რომ მან გადაწონოს ის რისკები, რაც მას ახლავს ქვეყნის შიგნით. თუ ასეთი სახიფათო იდეა მოუვიდათ თავში, ეს ნიშნავს, რომ ეს არის უკვე კონკრეტული ადმიანებისთვის შექმნილი ბიზნესი და მათ უკვე იციან, ვისთვის ან რისთვის აკეთებენ ამას. ჩვენ რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგებით ამას და ამ ინიციატივას არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა