ირაკლი კობახიძე - ქართული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა

ქართული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა - 2018"-ზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახლა ქვეყანა სწორი გზით მიდის პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მხრივ და ის პირადად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტში.

„ქართული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. 2016 წელს წინააღმდეგობრივი არჩევნები გაიმართა, ბევრ რადიკალურად წინააღმდეგობრივ პოლიტიკურ პარტიას შორის. ახლა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ბევრად მაღალი კონსოლიდაციის დონეა. საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან პარლამენტში და ესაა ის მუდმივი პროგრესი, რომელსაც ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან და ქართული პოლიტიკური სისტემის სხვა მონაწილეებთან ერთად ვაღწევთ. უნდა აღინიშნოს, რომ მივიღეთ ერთობლივი რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომელსაც მხარი დაუჭირეს ჩვენმა კოლეგებმა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. ასევე, მივიღეთ ორპარტიული რეზოლუცია რუსული ოკუპაციის, ოთხოზირია-ტატუნაშვილის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სულ მცირე, ერთად გაგვეხმოვანებინა ჩვენი საერთო განცხადება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით, ერთად ვიდგეთ. ასე რომ, ახლა სწორი გზით მივდივართ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მხრივ და მეც, პირადად, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პრორუსულ ძალებს, რომლებიც პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილნი, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „რა თქმა უნდა, ასეთები გვყავს და ისინი მეტნაკლებად გავლენიანები არიან, მაგრამ მათი გავლენა მუდმივად იკლებს“.

„2012 წლამდე და 2012 წლიდან მცირე პერიოდის შემდგომ, პოლიტიკურ სისტემაში პრორუსული ძალების გაცილებით მაღალი გავლენა იყო და ამას შეიძლება ითქვას, კარგი მიზეზიც ჰქონდა, განსაკუთრებით, 2012 წლამდე. იმ პერიოდში, მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს პროევროპულ პარტიად წარმოადგენდა და ყოველდღიურად ხდებოდა წამება, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ბიზნესის ძარცვა. იმ ვითარებაში, როდესაც თითქოს დასავლური პარტია მსგავს საქციელს ჩადიოდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პროტესტი გაუჩნდა და პრორუსული სატელიტებიც გაიზარდა. ახლა, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტია არის პროდასავლური და დემოკრატიული, ვითარება ასევე გაუმჯობესებულია პრორუსული ძალების დასუსტების მხრივ, რაც, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების ერთერთი მთავარი მიღწევაა. ამ ფაქტის გამო, 2013 წელს 20 % ზე მეტი იყო მათი რაოდენობა, ვინც მხარს უჭერდა პრორუსულ პარტიებს და ახლა ეს მაჩვენებელი 10 %-მდე შემცირდა. ეს ყველაფერი კი ახალი ხელისუფლების პროდასავლური, დემოკრატიული და ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით მოხდა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, „პარლამენტი ახლა გაცილებით ძლიერია, წინა ორ წელთან შედარებითაც კი“.

„მე ვეთანხმები ჩემს კოლეგა გიგა ბოკერიას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერებიც უნდა გავხდეთ. ჩვენ ასეც მოვიქცევით და მივაღწევთ მნიშვნელოვან პროგრესს მომდევნო რამდენიმე წელიწადში. ამის ერთერთი მთავარი გარანტორი იქნება ახალი კონსტიტუცია, რადგან ის ქვეყანას საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადაიყვანს, სადაც იქნება გაცილებით ძლიერი პარლამენტი და გაცილებით ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ამისთვის სპეციალური გარანტიები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მედიის თავისუფლება არის ახალი ხელისუფლების ერთერთი მთავარი მიღწევა. 2012 წლამდე მედიაზე ხელისუფლებას სრული მონოპოლია ჰქონდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო