გაერო-ს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივ კომისიაში პირველი ქართული ორგანიზაცია შევიდა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ერთადერთი ორგანიზაციაა რეგიონში, რომელსაც გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიამ (UNCITRAL) დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებულმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთაც კომისიის მე-2 (დავების გადაწყვეტა) და მე-3 (ინვესტორსა და სახელმწიფოს შორს დავის მოგვარების რეფორმა) სამუშაო ჯგუფების სესიებზე იწვევენ.

მათივე ინფორმაციით, დამკვირებელ ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, თავმჯდომარის მოწვევით, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე წარმოადგინონ პოზიცია სესიაზე განსახილველ საკითხებთან მიმართებით.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, UNCITRAL-ის მე-2 სამუშაო ჯგუფი ორიენტირებულია კომერციული დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე, უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო არბიტრაჟსა და მედიაციაზე, ხოლო მე-3 სამუშაო ჯგუფი მიმართულია იმ შესაძლო რეფორმების გამოვლენაზე, რომლებიც ხელს შეუწყოფს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავების უფრო ეფექტიან მოგვარებას.

მათივე ცნობით, ამჟამად აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში დამკვირვებლის სტატუსს ფლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცა: ამერიკის არბიტრთა ასოციაცია/დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (AAA/ICDR), ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია (ABA), საერთაშორისო სამართლის ამერიკული საზოგადოება (ASIL), საერთაშორისო დავების მოგვარების ცენტრი (CIDS), ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის არბიტრაჟის კომისია (CIETAC), ევროპის ვაჭრობის კონფედერაცია (ETUC), საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), ტრანსნაციონალური არბიტრაჟის ინსტიტუტი (ITA), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის სკოლის ქვინ მერის უნივერსიტეტი (QMUL), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) და სხვა.

ცნობისთვის, UNCITRAL-ის სამუშაო ჯგუფების სესიები იმართება წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიები ტარდება ნიუ-იორკში, ხოლო შემოდგომის სესიები ვენაში. მე-3 სამუშაო ჯგუფის შემდეგი სესია, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი უკვე დამკვირვებლის სტატუსით წარდგება გაიმართება ვენაში, ამა წლის 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით.

„შეგახსენებთ, რომ UNCITRAL-ი შეიქმნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წელს და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს საეთაშორისო სავაჭრო სამართლის ჰარმონიზაციასა და უნიფიკაციას. იგი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას დავების გადაწყვეტის სფეროში საკვანძო საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და მიღების კუთხით. კომისიამ ასევე ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანს წამოადგენს ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება კომისიის მიერ განსახილველ საკითხებთან მიმართებით.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა დამკვირებელის სტატუსი და მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფების სესიებში და შესაბამისი საკითხების განხილვაში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. ის არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე და წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო