მამუკა ბახტაძე - 2008 წელს ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ ააცილა რისკი და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვაძლევდნენ

საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წელს ვერ ააცილა ქვეყანას რისკი და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას.

„გუშინ არ მომისმენია ქალბატონმა სალომემ რა თქვა. რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, იმ დღიდან როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, რუსეთი აგრესორია, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები. რუსეთმა მოახდინა მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჰუმანიტარული კატასტროფა. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება.

სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს მოსახლეობას და არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა ინფრასტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. ჩვენ მივღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მხარს ვუჭერთ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირი, რომელიც გვაქვს და აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ასევე გულისხმობს საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობას. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს არაერთხელ ავხსენი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს