გიორგი გახარია - კანაფის კულტივაცია არ შექმნის რისკებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ

ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას, მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური.

„რაც შეეხება კულტივაციას, აქ ეფექტური რეგულაციებია საჭირო. ეფექტურობის ნაწილში, ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე მხრივ, ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. იმ სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა არის იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.

„ჩვენთვის რა არის მთავარი? არც მოხმარების მომენტი იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც წარვადგინეთ და არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, კონკრეტულ შემთხვევებში, თუ მოხდება სარეაბილიტაციო რესურსის გაძლიერება, სამართალდამცველებს ზემოთაღნიშნული ცვლილებების განხორციელება მიეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციისა და კონტროლის საშუალება, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წახალისებისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ", - განაცხადა გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა