გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობათა განვითარებაზე, საქართველოს მხარდაჭერის აქტზე, რუსეთის ანექსიაზე, ოკუპაციასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოში სტუმრობისათვის და მის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა.

"მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვატარებ ამ დღეებს და რა თქმა უნდა, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ ბევრი საკითხი გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული, რათა დავსახოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობების სტრატეგია. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევაში თქვენი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

უეს მიტჩელმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობისათვის.

"ჩვენ საინტერესო დისკუსიას მოველით საქართველო -აშშ-ს ურთიერთობის, უსაფრთხოების, რეფორმების, ეკონომიკისა და ინვესტიციების შესახებ. როგორც ყოველთვის, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო საქართველოს მიმართ მადლიერების გამოხატვით იმ ძალისხმევისთვის და თავგანწირვისთვის, რომელსაც თქვენი ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში ავლენენ და იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ-სა და ნატო-ს მისიებში საქართველო ეწევა“, - აღნიშნა უეს მიტჩელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს