პრემიერის პრესსამსახური - ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ევროკავშირსა და ნატო-სთან მიმართებაში წარმატებულად აფასებს

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა და ესტონეთი მომავალშიც განაგრძობს მის მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ესტონეთის პრეზიდენტმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროკავშირსა და ნატო-სთან მიმართებაში. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის შემუშავების პროცესის მიმდინარეობაზე. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას აფასებს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაიზიაროს ესტონეთის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა, ციფრული ტრანსფორმაცია და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და განათლებაზე, ჯანდაცვასა და კომერციულ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს