დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძნელი დასაჯერებელია, რომ მარიხუანას კულტივაციას მოვახდენთ და ამის მკაცრი გაკონტროლება მოხდება

ჩანაცვლების პროგრამებში სხვადასხვა პრეპარატის მოხმარების გაკონტროლება დღეს პრობლემაა, შესაბამისად, ძნელი დასაჯერებელია, რომ მარიხუანას კულტივაციას მოვახდენთ და ამის მკაცრი გაკონტროლება მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თუ როგორი პოზიცია ექნება საპატრიარქოს, თუ პარლამენტი შსს-ს ახალ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

მამა ანდრიას განცხადებით ეკლესიის პოზიცია ცალსახაა და არც ერთ პუნქტში ვერც ერთი პროცენტით ვერ დაეთანხმება.

„ჩვენს რეალობაში, როდესაც საუბარია მკაცრი რეგულაციების დაწესებაზე, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ამის საპირისპირო ფაქტები. ცნობილია, რომ ჩანაცვლების პროგრამებში, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, იქნება ეს სუბოტექსი, მეთადონი თუ სხვა, ყველგან პროცესი კანონდარღვევით მიმდინარობს. ანუ, იმის მაგივრად, რომ კონტროლს ექვემდებარებოდეს ამ პუნქტებში პრეპარატების მიღება, მომხმარებელს საშუალება აქვს გარეთ გამოიტანოს და ხდება უკანონო მოხმარება. ამის გაკონტროლება დღეს პრობლემაა, შესაბამისად, ძნელი დასაჯერებლია, რომ მარიხუანას კულტივაციას მოვახდენთ და ამის მკაცრი გაკონტროლება მოხდება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამედიცინო გამოყენებისათვის მარიხუანას კულტივაცია დიდ საფრთხეებს შეიცავს, კერძოდ ასეთ ქვეყნებში მოიმატა არალეგალურად მარიხუანას მოყვანის ფაქტებმა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობამ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს