დიმიტრი გვრიტიშვილი - სასამართლოში წარვადგინე მტკიცებულება, რომ ანა დოლიძე 2008 წლის ომის შემდეგ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ რუსულ ორგანიზაციაში მუშაობდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მან წარადგინა, მტკიცებულება, რომლითაც ირკვევა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 2008 წლის ომის შემდეგ მუშაობდა რუსულ ორგანიზაციაში, რომელიც ჰოლანდიაშია რეგისტრირებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი გვიტიშვილმა განუცხადა, ამ მტკიცებულების თანახმად დასტურდება, რომ ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებებზე მოპოვებული მასალები, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული რუსული მხარის მიერ. გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები საქმეს დაურთო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს დასაბუთებულად არ ცნობს.

„მტკიცებულებები, რომელიც ანა დოლიძემ წარადგინა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ერთი მხრივ, ადასტურებდა იმას, რომ 2008 წლის აგვისტომდე ის ცხოვრობდა და საქმიანობდა აშშ-ში. ეს სადავო საკითხს არც ეხება. მეორე მტკიცებულებად მან წარმოადგინა ის, რომ დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან 23-26 სექტემბრამდე საქართველოში იყო, შემდგომ კი საქართველოდან გავიდა. განცხადებაში აღნიშნულია, თითქოს მიზანმიმართულად დავამახინჯე ინფორმაცია, რომელიც მის CV-ში არის ასახული, ვგულისხმობ, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში წარდგენილ მისივე აპლიკაციას, სადაც მითითებული ჰქონდა, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდგომ (სამხრეთ ოსეთი, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) ეს ასე ფრჩხილებში უწერია და ქვემოთ ამას მოყვება ტექსტი, რომ საქმიანობდა და კრებდა მონაცემებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე და ახდენდა ამის დოკუმენტირებას. შესაბამისად, ამ CV-ის საფუძველზე დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ხაზი გავუსვი, რომ მე სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან რუსეთის სახელმწიფოს საზღვარი გადაკვეთა და ფიზიკურად მოსკოვში იმყოფებოდა, არ მქონდა. მე ყურადღება გავამახვილე ანა დოლიძის საქმიანობის არსზე. მეასეხარისხოვანია ის, თუ სად იმყოფებოდა ადამიანი ფიზიკურად, რადგან დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მაინცდამაინც საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს ადამიანი საჭირო არ არის, რათა მტრის ინტერესები დაიცვას. შესაბამისად, სხდომაზე გავაჟღერე, რომ ანა დოლიძე ფიზიკურად მოსკოვში იმყოფებოდა თუ არა, ეს გადამწყვეტი არ არის. მთავარი ის იყო, რა საქმიანობასაც დოლიძე ეწეოდა. ამ საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული რუსული მხარის მიერ. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მე საქმეში წარდგენილი მაქვს, რომელიც ასევე დაურთო მოსამართლემ საქმეს და გაითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მანვე განმარტა, თუ რის საფუძველზე ამტკიცებს ის, რომ ანა დოლიძე რუსული ორგანიზაციის წევრი იყო.

„ის ამტკიცებს, რომ ეს ორგანიზაცია რუსული არ არის და რომ ეს ორგანიზაცია რეგისტრირებულია ჰოლანდიაში და მტკიცებულებაც წარადგინა. მე რუსული ორგანიზაცია ვახსენე იმ კონტექსტში, რომ არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზაცია სად იქნება რეგისტრირებული თუ ის აკეთებს რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლო საქმეს. ასეთ შემთხვევაში, მე მას თამამად ვუწოდებ რუსულს. მე ვთქვი, რომ ეს ორგანიზაცია ჰოლანდიაშია რეგისტირებული, თუმცა ბორდის ნაწილი ეთნიკურად რუსები არიან. მათ შორის მტკიცებულების სახით წარდგენილი მაქვს 2015 წელს სტუდია „მაესტროს“ მიერ მომზადებული რეპორტაჟი, სადაც ამ ორგანიზაციის ასევე რუსი ეროვნების იურისტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ მათ შეაგროვეს მონაცემები და საქმე შეტანილი აქვთ ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამ მონაცემების შეგროვებაში ერთ-ერთი მონაწილე პირი ანა დოლიძე იყო. შესაბამისად, რუსული ორგანიზაცია სწორედ ამ კონტექსტში ვუწოდე მას, რომ რუსული ინტერესების სასარგებლო საქმიანობას ახორციელებდა“ , - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამასთან, გვრიტიშვილი გამოეხმაურა მოსარჩელე მხარის, ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის იმედოვნებს, რომ გადაწვეტილების მიღებისას სასამართლო არ გაითვალისწინებს დიმიტრი გვრიტიშვილის გავლენებს. საბჭოს მოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ ეს უადგილოდ გაკეთებული განცხადება იყო და საქმესთან კავშირი არ ჰქონდა.

„მეორე ცუდი მომენტი, რაც მე დავინახე დოლიძის დღევანდელ კომენტარში ის იყო, გარკვეულწილად მოსამართლეზე გააკეთა აქცენტი. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ არის მოსამართლეზე ზეწოლა. მივიჩნევ, რომ როდესაც მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან იმგვარ განცხადებას წაიკითხავს, რომ მე, თურმე გავლენიანი ჯგუფის წევრი ვარ, ვფიქრობ, რომ ეს იყო დოლიძის მხრიდან უადგილოდ გაკეთებული განცხადება“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძე რუსეთის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაში მუშაობაში დაადანაშაულა. როგორც ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მან სასამართლოს წარუდგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ის ორგანიზაცია, სადაც 2008 წლის ომის შემდგომ მუშაობდა, არც რუსული იყო და არც მის ინტერესებს ემსახურებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს