„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიებაზე - ეს ჩვენი დაცინვაა, ზუსტად ვიცით, რა შედეგს დადებს პროკურატურა

ეს არის ჩვენი დაცინვა. ზუსტად ვიცით რა შედეგს დადებს პროკურატურა. მიდგომა უკვე გასაგებია ,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი თბილისის პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, „იბერიასთან“ დაკავშირებულ ჩანაწერზე.

ხუზმიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათ პროკურატურისგან მეტის მოლოდინი არც ჰქონდათ. ის არ ეთანხმება იმ მუხლს, რომლითაც თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ჩვენი აზრით, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება. ეს არის ჩვენი დაცინვა. არსად არ არის ნახსენები ტელეკომპანია „იბერია“. მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნიშნები მაინც ვერ დაინახა პროკურატურამ? დაცინვა არის კიდევ იმის გამო, რომ იმდენად არასერიოზულად მიუდგნენ ჩვენს საქმეს, რომ თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და არა მთავარმა პროკურატურამ. მეორე კიდევ, იმ მუხლით არის გამოძიება დაწყებული, რასაც მამაცაშვილი მოითხოვდა და არა იმ მუხლით, რომ ქვეყანაში არის რეკეტი. რეკეტის ნიშნები ვერ დაინახა აქ პროკურატურამ? აქ მოტყუება არ არის, აქ არის მოთხოვნა, რომ 2 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, როგორც ამ ჩანაწერში ჩანს. აქ მოტყუება რა შუაშია, პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ 2 მილიონი სურდათ. ეს არის ჩვენი დაცინვა. გუშინ ჩვენ ვთქვით, რომ დღეს დაიწყებოდა გამოძიება, მას შემდეგ, რაც ბატონმა მამაცაშვილმა მიმართა გამოძიებას. ჩვენ მეტის მოლოდინი არ გვქონდა, არც ველოდებით. ზუსტად ვიცით, რა შედეგს დადებს პროკურატურა. მიდგომა უკვე გასაგებია, რასაც ვვარაუდობდით ისე დაიწყეს. ჩვენ გვაინტერესებს, რომ გადავარჩინოთ ტელეკომპანია „იბერია“. ჩვენ, ჟურნალისტებს გვაინტერესებს, ვინ ითხოვდა „იბერიას“ ხელში ჩაგდებს. აქ, ამ განცხადებაში არაფერია ამაზე. ეს არის დაცინვა და როგორ უყურებს პროკურატურა ჟურნალისტებს, ამ ცინიკური განცხადებიდანაც ჩანს“,- განაცხადა ხუზმიაშვილმა.

თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება იმ აუდიოჩანაწერს ეხება სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

„სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს.

გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს