ადვოკატი - მაღალჩინოსნების ჩარევით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ადამიანები სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მაღალჩინოსნების ჩარევით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ადამიანები სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალად ჯგუფური გამოძალვა ედებათ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალად ედებოდათ და ედებათ ჯგუფური გამოძალვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ისინი სრულად გაამართლა, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, აშკარად იგრძნობოდა საქმეში ჩარევა. მოსამართლეზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა იგრძნობოდა, პროცესს ესწრებოდნენ სუს-ის თანამშრომლები, ვინაიდან დაზარალებულია სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი. მაღალჩინოსნების ჩარევით მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომელთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ყველა უტყუარი მტკიცებულებით დგინდება, რომ თავად დაზარალებული ახდენდა პროვოცირებას, თავად დაზარალებული იყო სავარაუდოდ, კავშირში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან.

"ბრალდებულების მხრიდან არანაირ გამოძალვასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ თითქოს ქურდების სახელის ხსენებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ახორციელებდნენ თანხის გამოძალვას", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, თავად დაზარალებული უხსენებდა სხვადასხვა ქურდების სახელებს, ბრალდებული კი ამბობდა, რომ ეს სახელები მისთვის უცნობია.

"პროკურატურამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, რომ თითქოს იარაღით ემუქრებოდნენ, მე მოვიყვან დაზარალებულის ჩვენებიდან ციტირებას, სადაც დაინახავთ, დაზარალებული ამბობს, რომ იარაღით დამუქრებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობენ იმ ჩანაწერებს, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში ძირითად მტკიცებულებებად.

"მთელი საადვოკატო გუნდი ჩართულია ამ საქმეში და ჩვენ, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად დავაყენებთ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც რაიმე სახის უკანონო ქმედებაში მონაწილეობდა", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები 2017 წლის აპრილში დაიწყო, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ხორციელდებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს