კახა კალაძე - 4 წლის განმავლობაში იმდენი უნდა ვიმუშავოთ, ქალაქს ჩვენი ხელი დაეტყოს

4 წლის განმავლობაში იმდენი უნდა ვიმუშავოთ, ქალაქს ჩვენი ხელი დაეტყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას არსებობს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა მისივე თქმით, ასეთი პროექტების განხორციელების დროს შეუძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება.

„მგონი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. საკმაოდ დიდი მასშტაბებია. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ამ მასშტაბის პროექტები ერთდროულად ქალაქში არასდროს განხორციელებულა. მე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი, რომ 4 წლის განმავლობაში იმდენი უნდა ვიმუშავოთ, ქალაქს დაეტყოს ჩვენი ხელი. რა თქმა უნდა, არსებობს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით და დამეთანხმებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს შეუძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება.

კიდევ მინდა მოვუბოდიშო მოსახლეობას და ვთხოვო მოთმინება. 15 სექტემბერს დამთავრებული იქნება ძირითადი სამუშაოები, გზის საფარის პირველი ფენის დაგება დამთავრებული იქნება. შემდეგ შესაძლებელი იქნება მეორე ეტაპის მთლიანი სამუშაოების დასრულება და საბოლოო ფენის მოასფალტება მოხდება. ალბათ ეს მოხდება ღამის საათებში და შეიძლება ამისთვის მოვითხოვოთ, რომ მთლიანად გადაიკეტოს კონკრეტული ქუჩები, რათა ხარისხიანად მოხდეს ბოლო ფენით მოასფალტება. მესამე ეტაპი კი იქნება კეთილმოწყობის სამუშაოები, ტროტუარების და ბორდიურების მოწყობა, ასევე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე იცით, რომ ველობილიკი მოეწყობა კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელიც კოსტავას ქუჩით შარტავას ქუჩას დაუკავშირდება და დიდი ველობილიკი გამოგვივა ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე დასრულებულია გზის მოასფალტება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და შესაბამის სამსახურს დაავალა დახაზვითი სამუშაოები დროულად დაასრულონ.

„მარჯვენა სანაპიროზე დამთავრებულია სამუშაოები და გთხოვთ, რომ ძალიან მალე დაიწყოთ დახაზვითი სამუშაოები, რომ ეს გზაც მთლიანად მოწესრიგებული იყოს.

თუმცა, ჩვენ ვისმენთ, ამ მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით არის მცდელობა, რომ ხშირად ნეგატივში გადაიყვანონ. მიმდინარეობს შემოტევები, თუმცა სიახლე არ არის. ამ ყველაფრით დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია - „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთარი ტელევიზია „რუსთავი 2“, თუმცა მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რა პროექტებს ვახორციელებთ და მადლობა მათ ამ თანადგომისთვის. ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში უფრო მეტი მასშტაბური პროექტების განხოციელებას ვგეგმავთ“, - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს