ტოქსიკოლოგი - გარემო ტყვიითაა დაბინძურებული, ორგანიზმში ტყვიის დაგროვება იწვევს პათოლოგიებს, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე

ორგანიზმში ტყვიის დაგროვება იწვევს პათოლოგიებს. მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, - ამის შესახებ ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ განაცხადა.

"დღეს ტყვია ძალიან ბევრ ადგილას გამოიყენება და გარემო ტყვიით არის დაბინძურებული. ადამიანის ორგანიზმში შეღწევის ყველა გზა ტყვიის მიმღები და შემწოვია. ტყვია არ არის ესენციალური მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების წარმოებისთვის, ეს ზედმეტია ორგანიზმისთვის. თუმცა, ხვდება ორგანიზმში, ხდება მისი დაგროვება და ხანგრძლივი დაგროვებისა და გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ იწყება მთელი რიგი პათოლოგიები", - განაცხადა ტოქსიკოლოგმა.

მისივე თქმით, ბავშვებზე იმიტომ არის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული, რომ ბავშვები თავიანთი ჩამოუყალიბებელი განვითარების გამო, ვერ ახერხებენ ტყვიის გამოდევნას.

ტოქსიკოლოგის თქმით, ტყვია ბევრ საკვებ პროდუქტსა და ალკოჰოლურ სასმელშიც შეიძლება იყოს.

"ტყვია მულტიმოქმედების შხამია, ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც ტყვია გარკვეულწილად არ მოქმედებს, მაგრამ მისი სამიზნე მაინც ცენტრალური ნერვული სისტემა და სისხლია", - განაცხადა ღვინერიამ.

მისივე თქმით, ტყვიის შემცველობა შეიძლება განისაზღვროს სისხლში, მაგრამ ზოგჯერ თმებშიც, კბილებშიც ხდება დაგროვება. ინგა ღვინერიას თქმით, საქართველოში არის ლაბორატორია, რომელიც საზღვრავს თმებში, თუმცა, ჯერჯერობით აქ არ ხდება სისხლში განსაზღვრა და უცხოეთში იგზავნება აღებული სისხლი. ტოქსიკოლოგის თქმით, აუცილებელია იმის კონტროლი, რომ ქვეყანაში ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე პორდუქცია არ შემოვიდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო