"სამართლიანი არჩევნები“- წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების და მედიაპლურალიზმის კუთხით გამოწვევებია

წინასაარჩევნო პერიოდში არის გამოწვევები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით, ასევე მედიაპლურალიზმის კუთხით და საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს, - ამის შეახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბენიძემ აღნიშნა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტების თანახმად, მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება.

"ჩვენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, გვაინტერესებს გავიგოთ და მოვუსმინოთ პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ რას ხედავენ ისინი გამოწვევებად, რა პრობლემებს აწყდებიან კამპანიის მიმდინარეობისას.

ჩვენ რასაც წავაწყდით ძირითად ტენდენციებს, შეიძლება გამოკვეთილად ითქვას, რომ პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, რომელიც კვლავაც ხარვეზებით წარიმართა და რიგ შემთხვევებში პოლიტიკურ გავლენებს თუ ნეპოტიზმის ნიშნებს ჰქონდა ადგილი. მათ შორის, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კვლავაც ბუნდოვანია დაკომპლექტების პროცესი, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ეს ახალი საკითხები არ არის, წლებია ამ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ ხდება ადეკვატური რეაგირება და ადეკვატური პრაქტიკის მიღება. ცხადია, ამას თან ახლავს საკანონმდებლო გამოწვევებიც, მათ შორის ისიც, თუ როგორ შეიცვალა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და მმართველ პარტიას მიეცა უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით. ასევე არსებობს გამოწვევები მედიაპლურალიზმის კუთხით. გამოვყოფ ტელეკომპანია "იბერიას" საქმეს და საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტის ცვლილების ფაქტებს, მაგრამ მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეაჩერა კონტრაქტის ცვლილებები. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მარეგულირებელი კომისიის ნეგატიური როლი საარჩევნო პროცესზე.

ასევე არის გამოწვევები საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს",- განაცხადა ბენიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ISFED, საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევებზე კონფერენციას მართავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს