„ომეგა ჯგუფი“ - „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ, რაც გამოწვეულია თამბაქოს ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი არაჯანსაღი ვითარებით

„ომეგა ჯგუფი“ მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსურიპრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეულია თამბაქოს ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი არაჯანსაღი ვითარებით - დამპინგით.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ყოველივე გავლენას ახდენს „ომეგა ჯგუფის“ მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე, 1500-მდე თანამშრომლისთვის ხელფასების გასტუმრებაზე, ტელეკომპანია „იბერიას“ ფუნქციონირებაზე. „ომეგა ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

“მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეულია თამბაქოს ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი არაჯანსაღი ვითარებით - დამპინგით. წლების მანძილზე არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს „კონკურენციის შესახებ“ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრირების ზომებს, რითაც უაღრესად ზარალდება კომპანია. მეტიც, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფის“ მუშაობა სამჯერ შეაჩერა, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში არ გასცემს სააქციზო მარკებს კომპანიაზე, რაც იწვევს კომპანიის სრულ პარალიზებას.

ეს ყოველივე ახდენს გავლენას „ომეგა ჯგუფის“ მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე, 1500-მდე თანამშრომლისთვის ხელფასების გასტუმრებაზე, ტელეკომპანია „იბერიას“ ფუნქციონირებაზე, ასევე „ომეგა ჯგუფის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პარტნიორებთან, რომელთა შორის არის 8 წამყვანი საავტომობილო კომპანია, ასევე საბანკო ინსტიტუტები.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ დაყენებული სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნები თვეების განმავლობაში განუხილველია ფინანსთა სამინისტროს მიერ. ასეთ ყოფაში ჩააგდეს კომპანია, რომელსაც მილიარდნახევარ ლარზე მეტი აქვს შეტანილი ბიუჯეტში და ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი ბრიტანული ინვესტიცია.

ვწუხვართ იმ პრობლემების გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვექმნება ამ ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა ეს განპირობებულია სახელისუფლო წნეხით, რითაც გამიზნულად ინგრევა „ომეგა ჯგუფი“.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა, რათა შეძლოს საკუთარი ვალდებულებების პირნათლად და კეთილსინდისიერად შესრულება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა