თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან სასულიერო პირების და მრევლის საპროტესტო აქცია დასრულდა. პარაკლისის შემდეგ სასულიერო პირებმა საკუთარიმოთხოვნები გააჟღერეს.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, მათ ორი მოთხოვნა ჰქონდათ, თუმცა იმის, გამო რომ ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, მათ ამჟამად მხოლოდ ერთი მოთხოვნა რჩებათ, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.
"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ბოლო დროს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენ გვესმის ადამიანების გულისწყრომა და მორწმუნე ერის სახელით გვინდა განვაცხადოთ, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა. საკონსტიტუციო სასამართლომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარებაც შეიყვანა. ეს თავისთავად მიგვაჩნია ნაჩქარევ და საფრთხეების შემცველ გადაწყვეტილებად. ქმნის საშიშროებას, რომ სხვა სახის ნარკოტიკებიც დააკანონოს იგივე ლოგიკით.
მეორე საკითხი, რამაც ჩვენი პროტესტი გამოიწვია, იყო მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება, საჯარო განხილვების გარეშე. თუმცა, მეორე საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. მადლობა გვინდა ვუთხრათ მოსახლეობას, ვინც სიფრთხილე გამოიჩინა და საკუთარი აზრი დააფიქსირა. მეორეს მხრივ მადლობა მინდა ვუთხრა სახელისუფლებო უწყებაში მყოფ ყველა ადამიანს, დეპუტატებს, ვინც გაიზიარა ეს პრობლემა და დღეს კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც კულტივაციას გულისხმობდა, გაწვეული იქნება და საჯარო განხილვამდე ამაზე საუბარი არ მოხდება", - განაცხადა მეუფე ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ისინი ხელისუფლებას სიტუაციიდან გამოსავალსაც სთავაზობენ. "ვფიქრობთ, რომ მოქმედი კონსტიტუციის 16-ე მუხლში და ახალი კონსტიტუციის მე-12 მუხლში დაემატოს ისეთი განმარტება, სადაც საკითხი თვითგანვითარების უფლების სახით არ იქნება ინტერპრეტირებული. ამაზე უნდა იზრუნონ იურისტებმა", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.
რაც შეეხება კონსულტაციებს ხელისუფლებასთან, სასულიერო პირები ამას დადებითად აფასებენ და მზაობას გამოთქვამენ.