ქუთაისის მერია მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 20 ქუთაისელი მხატვრის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტი ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, დეზინფორმაციას უწოდებს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის ოპოზიციის მიზანმიმართული მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს მასმედია და მოსახლეობა.
“20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და ქუთაისის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მოკვლევა. რაც შეეხება ქალაქის მერის პორტრეტს, ის მხატვარმა ლევან გოგატაძემ, საკუთარი სურვილით დახატა, ისევე, როგორც კოზენცას მერი მარიო ოჩიუტო. მან ორივე მერს პორტრეტები საჩუქრად გადასცა. ეს იყო მხატვრის ნება და არა ვინმეს დაკვეთა, შეესრულებინა ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები. ეს პორტრეტები კოზენცას გალერეის რომელიმე სივრცეში არ გამოფენილა. პორტრეტები იყო სახელოსნო ვორქშოფისთვის, სადაც მუშაობდნენ და სტუმრებს აქვე შეეძლოთ ნამუშევრების ნახვა. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ ქუთაისელ მხატვრებს არც ერთ საერთაშორისო პლენერში მიუღიათ მონაწილეობა. მხატვრები ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და არა დაფინანსებით, წელს 20 დღით პირველად წავიდნენ საერთაშორისო პლენერზე. ეს არის ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები დამეგობრებულ ქალაქებს შორის, რომელიც მომავლშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.