პროგრესის რაოდენობრივი შეფასება

გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) სტატისტიკოსს, გიორგი კვინიკაძეს მიაჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად მონაცემთა როლი უმნიშვნელოვანესია

ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2018 წლის 10 სექტემბერი - მსოფლიო მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების უპრეცედენტოდ ინტენსიურ პროცესშია ჩართული. შესაბამისად, ეროვნული სტატისტიკური სამსახურები ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებიან.

გიორგი კვინიკაძე FAO-ს სტატისტიკოსია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისში. ბატონი კვინიკაძე კომუნიკაციის ოფიცერს შერონ ლი ქოუენს ესაუბრა. ინტერვიუს ძირითად თემას FAO-ს მიერ რეგიონის ქვეყნების დახმარება წარმოადგენდა სტატისტიკის მიმართულებით.

როგორც ჩანს, სტატისტიკოსებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგას მსოფლიოში დიახ, ეს ასეა. მდგრადი განვითარების მიზნები უპრეცედენტოა თავიანთი მასშტაბით, დასახული ამოცანების კონკრეტულობით და შესაბამისი ინდიკატორების წარმოებისათვის საჭირო ექსპერტიზის მოცულობით. აქედან გამომდინარე, მთელ ამ პროცესში სტატისტიკოსებს ცენტრალური როლი უკავიათ.

რა იგულისხმება ამ მიზნებში?

2030 წლის დღის წესრიგი, რომელიც ყველა ქვეყნის მიერ იქნა მიღებული 2015 წლის ბოლოს, მოიცავს 17 მდგრადი განვითარების მიზანს. მიზნები ამბიციურია: შიმშილისა და სიღარიბის აღმოფხვრა, ზღვის რესურსების დაცვა, სუფთა წყლითა და სანიტარული მომსახურებით უზრუნველყოფა ყველასათვის, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება. ეს დიდი მიზნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

რა გამოწვევები არსებობს სტატისტიკური თვალსაზრისით?

პროგრესის ზუსტი შეფასებისათვის, სტრატეგიული მიზნები მოიცავენ 169 ამოცანასა და 232 ინდიკატორს. ყოველი ინდიკატორისთვის აუცილებელია გლობალურ დონეზე შეთანხმებული სტატისტიკური მეთოდოლოგია. ამასთან, თითოეულ ქვეყანას სჭირდება საკუთარი საწყისი მდგომარეობის განსაზღვრა და შეთანხმებული მეთოდოლოგიის მიხედვით პროგრესის შეფასება. სხვაგვარად, სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების ერთმანეთთან შედარება შეუძლებელი იქნება.

FAO ამ პროცესში რა როლს ასრულებს?

მდგრადი განვითარების მიზნებში ცენტრალური ადგილი უკავიათ სურსათის, კვების, სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების საკითხებს. ამასთან დაკავშირებით, FAO კოორდინაციას უწევს 21 ინდიკატორს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ორგანიზაციის საქმიანობასთან. ეს ინდიკატორები მონიტორინგს უწევენ მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს: შიმშილის აღმოფხვრა, სიცოცხლე წყალქვეშ, სიცოცხლე ხმელეთზე, სუფთა წყალი და სანიტარია, პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება, გენდერული თანასწორობა. თავისი კოორდინაციის ქვეშ მყოფი თითოეული ინდიკატორისათვის FAO პასუხისმგებელია: ინდიკატორის მეთოდოლოგიის შემუშავებასა და დოკუმენტირებაზე; ქვეყნების მხარდაჭერაზე მონაცემების გენერირებასა და გავრცელებაში; ეროვნული წყაროებიდან მონაცემების შეგროვებასა და შეფასებაზე და მათ გლობალურ დონეზე გავრცელებაზე; გლობალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე პროგრესის მონიტორინგზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვთანამშრომლობთ წევრ ქვეყნებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისინი სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი გლობალურ დონეზე შეთანხმებული ინდიკატორების გამოყენებით საკუთარი პროგრესის მონიტორინგისათვის. ჩვენ ქვეყნებს ვუწევთ ტექნიკურ დახმარებას, ვთავაზობთ საპილოტე პროგრამებს, ვეხმარებით სტატისტიკური კითხვარების შემუშავებასა და ტესტირებაში და ვუტარებთ პრაქტიკულ ტრენინგებს.

როგორ არის ჩართული ამ საქმიანობაში რეგიონული ოფისი?

ქვეყნებში ორგანიზებას ვუწევთ სამდღიან სემინარებს FAO-ს კოორდინაციის ქვეშ მყოფ მდგრადი განვითარების ინდიკატორებზე. ქვეყნებს ვაცნობთ მეთოდოლოგიას და სიღრმისეულ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს მონაცემების გენერირება. ამ სემინარებს ესწრებიან პირები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან მონაცემების შეგროვებაში - სტატისტიკური სამსახურების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სატყეო მეურნეობების, მეთევზეობის და წყლის რესურსების სამინისტროების ან უწყებების წარმომადგენლები. ჯერჯერობით მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა მოლდოვაში, საქართველოში, ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში . მიმდინარე წელს კიდევ სამი სემინარი იგეგმება - აზერბაიჯანში, ალბანეთსა და სომხეთში . მიღებული გამოცდილება გაზიარებულ იქნა გასული წლის აპრილში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებისთვის სტატისტიკის ექსპერტთა მეორე შეხვედრაზე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ UNECE-სთან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გაეროს ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია და თავიდან იქნეს აცილებული ძალისხმევის დუბლირება.

შემდგომ ეტაპზე საქმიანობა ალბათ უფრო ტექნიკურ ხასიათს იღებს?

სწორედ რომ ასეა. მომდევნო ეტაპზე, რომელიც უკვე დაიწყო, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნებმა რეალურად დაიწყონ ინდიკატორების წარმოება. ამ მიზნით გამოიყენება სტატისტიკური კომპონენტების მქონე მიმდინარე პროექტები, ასევე მდგრადი განვითარების ინდიკატორების კონტექსტში შესაძლებლობების განვითარებისათვის სპეციალურად შექმნილი პროექტები. თითოეულ ინდიკატორს FAO-ს სათავო ოფისში თავისი კოორდინატორი ჰყავს და ისინი სრულად არიან ჩართული შესაძლებლობების განვითარების ამ ფართომასშტაბიან პროცესში.

არსებობს გაუგებრობებიც?

თავდაპირველად ზოგიერთ ქვეყანას მიაჩნდა, რომ ზოგიერთი ინიკატორი ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით მათთვის არარელევანტური იყო. თუმცა, ჩვენი მცდელობების შემდეგ ვფიქრობ ყველას ესმის, რომ ყველა ინდიკატორი რელევანტურია და გლობალური ანგარიშგების და ქვეყნებს შორის შედარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი.

რა შეგიძლიათ თქვათ პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებსა და შესაძლო ეფექტების შესახებ?

უპირველეს ყოვლისა, 2030 წლის დღის წესრიგი არის ინიციატივა, რომელიც უშუალოდ ქვეყნებისაგან მოდის. ამიტომ ნათელია, რომ არსებობს ნამდვილი სურვილი - მიღწეულ იქნეს პროგრესი დასახული მიზნების შესრულებაში.

მეორე, FAO- ს კოორდინაციის ქვეშ მყოფი ინდიკატორების მხოლოდ მცირე ნაწილი მოითხოვს ქვეყნებისგან მნიშვნელოვან დამატებით ძალისხმევას. ხშირ შემთხვევაში, ქვეყნები უკვე აწარმოებენ საჭირო მონაცემებს. ზოგიერთი ინდიკატორი, მაგალითად, მთის მწვანე საფარის ინდექსი უშუალოდ FAO-ს მიერ იზომება სატელიტური საშუალებების გამოყენებით. სხვა შემთხვევებში, ქვეყნები FAO-ს მიერ მომზადებულ კითხვარებს იყენებენ.

მესამე, მთელი პროცესი, ფაქტობრივად, აძლიერებს ეროვნულ სტატისტიკურ სისტემებს, საშუალებას აძლევს მათ გამოიყენონ ახალი მეთოდები, შეიმუშავონ და განახორციელონ ახალი ტიპის კვლევები და აწარმოონ უფრო სასარგებლო მონაცემები.

რას გვეტყვით დასკვნის სახით?

მდგარდი განვითარების მიზნები და ამოცანები ისეთია, რომ მათი შესრულება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სასურველი. შეუძლებელია ეფექტური მართვა სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის გარეშე. 2030 წლის დღის წესრიგი ერთიან ჩარჩოში აქცევს სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს, გლობალურ დონეზე გაზომვადს და შესადარისს ხდის მათ და ქვეყნებს მათივე პროგრესის გაზომვისათვის პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს