ეროვნულ მუზეუმში  ვორკშოპი: „ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება“ გაიმართა

„ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება,“- საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ამ სახელწოდებით ვორკშოპი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ვორკშოპს თსუ–ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრებიან. ვორქშოპის თემა იყო „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება“.

„იტალიას კულტურული მემკვიდრეობის მართვის და ტექნოლოგიის ინტეგრაციის განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთსაა შერწყმული მაღალი ტექნოლოგია და ესთეტიკა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოვადგინოთ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა,“- აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

თსუ–ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ინოვაციები და კულტურული მემკვიდრეობა – ეს მიმართულება ახლა ვითარდება ორ ინსტიტუციას -თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის. შესაბამისად, ტექნოლოგიებისა და კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ურთიერთობა მათთვის ძალიან საინტერესოა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვორქშოპები გამართეს ცნობილმა იტალიელმა მეცნიერებმა მარკო კაპელინიმ, ჯორჯო ჯენტამ, რენატო საპორიტომ, ლაურა ლონგომ და რობერტო სკოპინიომ. იტალიელმა სპეციალისტებმა ქართველ მსმენელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში. ვირტუალურ და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცვლილება შეაქვს მუზეუმების მოწყობაში. ახალი ტექნოლოგიები ეხმარება დამთვალიერებლებს, უკეთ აღიქვან ხელოვნების ნიმუშების კულტურული და ესთეტიკური ღირებულებები.

„კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინების საქმეში ახალი ტექნოლოგიების ჩართვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ, ჯერ ერთი, მოიზიდონ უფრო მეტი მნახველი და, ამავე დროს, გააახალგაზრდავონ მნახველთა ასაკი; მეორე - ახალმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და კვლევას. იტალიაში კერძო კომპანიებმა, სახელმწიფო ინსტიტუციებმა დანერგეს ახალი ტექნოლოგიები კულტურის უკეთ და უფრო ფართოდ წარმოსადგენად. ტურიზმი საქართველოსთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოს სიმდიდრის წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.

ვორქშოპი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე იტალიის მეცნიერების დღის ფარგლებში ჩატარდა.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო