„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი „სლოტ კლუბებში“ თამბაქოს მოხმარების დაშვების ინიციატივის უკან დეპუტატ ისკო დასენის დაინტერესებაზე საუბრობს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი „სლოტ კლუბებში“ თამბაქოს მოხმარების დაშვების ინიციატივის უკან კონკრეტული დეპუტატის დაინტერესებაზე საუბრობს. გიორგი ბახტურიძემ ამ ინტერესებზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას ლობირებას უმრავლესობის დეპუტატი ისკო დასენი უწევს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ ბიზნესში დასენის შვილს აქვს წილი, ხოლო ერთ-ერთი კომპანია რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე ოპერირებს, თავად ისკო დასენის დაფუძნებულია.

„გვაქვს ასეთი შემთხვევა - მარნეულში „კრისტალბეთში“ მოხდა 11-ჯერ ერთი და იგივე ობიექტის დაჯარიმება. იქიდან გამომდინარე, რომ „კრისტალბეთის“ უკან ვინც დგას, იმ ადამიანს წინდაწინ, მის ქსელში და ასევე მხარდამჭერ ორგანიზაციებში ინფორმაცია ჰქონდა გავრცელებული - არ დაიცვათ ამ კანონის მოთხოვნები, რადგან მე ვარ პარლამენტში და მე თვითონ უზრუნველვყოფ იმას, რომ უახლოეს პერიოდში შევცვლი ამ კანონს და მხოლოდ ჩვენს სივრცეზე გავრცელდება. ეს არის კონკრეტული ინფორმაცია. „კრისტალბეთის“ დამფუძნებელი არის ისკო დასენი, ხოლო მისი შვილი არის წილის მფლობელი. საკანონმდებლო წინადადება რომელმა ორგანიზაციამაც შემოიტანა, მისი დამფუძნებელია „კრისტალბეთი“ და შესაბამისად ყველაფერი ცნობილი და ნათელია. არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა კოლეგები და თანამებრძოლები, მაგრამ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ საჯაროდ განვაცხადო, რომ აქ არის ბმა და კავშირი კონკრეტულ ინტერესებს შორის და იმედი მაქვს პარლამენტი ამ ინტერესებს არ გაატარებს“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ და აქვე დასძინა, რომ ამ ინტერესებზე ის კონკრეტულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით საუბრობს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი“ ასევე კონკრეტული პირების ინტერესებზე საუბრობს, საკანონმდებლო ცვლილების კიდევ ერთ ნორმასთან მიმართებაში, რომლითაც თეატრებში თამბაქოს მოხმარება იქნება ნებადართული. ბახტურიძეს ამ შემთხვევაში კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა მაგალითად მოიყვანა მარჯანიშვილის თეატრი და განმარტა, რომ თეატრს იაპონური თამბაქოს კომპანია აფინანსებს. ბახტურიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა არ უნდა შეიტანოს ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ და არ დაუშვას თამბაქოს მოხმარება სლოტ კლუბებსა და თეატრებში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს