შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მათთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე პარლამენტს რეაგირება სთხოვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მათთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე პარლამენტს რეაგირება სთხოვა.

უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ წერილით, რომელიც 12 სექტემბრით თარიღდება, საპარლამენტო ფრაქციებსა და რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტს მიმართა.

რექტორის წერილში ხაზგასმულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვა 2018 წლის 15 დეკემბრამდე არ მოიხსნა, საფრთხეს შეექმნება სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას სულ მცირე ორი წლის განმავლობაში, რაც სასწავლო დაწესებულებისთვის გაკოტრებისკენ მიმავალი გზა იქნება და საბოლოოდ ჯამში, საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტას გამოიწვევს.

“როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ავტორიზაციის ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა 24-27 აპრილს, განათლების დარგში ბრიტანელი საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ენდი გიბსის ხელმძღვანელობით. დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს: შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი) უარყოფითად არც ერთი შეფასებულა.

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ექსპერტთა საბოლოო, დადებითი დასკვნა 2018 წლის 8 ივლისს ჩაბარდათ, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სხდომა ჩანიშნა 2018 წლის 20 აგვისტოს, აბიტურიენტთა მიერ საკუთარი არჩევანის საბოლოოდ დაფიქსირებისათვის განსაზღვრულ ვადაზე 2 დღით ადრე. საბჭოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით, თუმცა სტუდენტების მიღება 1 წლით - 2019 წლის 20 აგვისტომდე შეუჩერდა. განვლილი წლებისა და იმ პერიოდისათვის აბიტურიენტთა მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით, უნივერსიტეტი მიიღებდა 800-მდე სტუდენტს (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, უცხოელი სტუდენტები და მობილობით გადმომსვლელი სტუდენტები), რაც ფინანსური თვალსაზრისით, მიმდინარე წელს უნივერსიტეტისთვის დაახლოებით 3 მილიონის, ხოლო 4 წლის განმავლობაში 12 მილიონზე მეტი მიუღებელი შემოსავალია. ცხადია, ამავე დროს, სტუდენტების თავისუფალი არჩევანი იგნორირებულ იქნა, შეილახა უნივერსიტეტის, თანამშრომელთა და რამდენიმე ათასი კურსდამთავრებულის საქმიანი რეპუტაცია, რადგან ჩრდილი მიადგა დაწესებულების ავტორიტეტს.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (მისი სამართლიანობისა და კანონიერების შესახებ კვლავ მიმდინარეობს სასამართლო დავა). ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს ყადაღა. უნივერსიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად იყო, სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში, დაეფარა საგადასახადო ჯარიმა.

ამ პერსპექტივის დოკუმენტალური დემონსტრირება მოხდა როგორც ექსპერტთა ვიზიტისას, ასევე საბჭოს წევრების წინაშე. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა; ეს დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა მტკიცებულების სახით, რომ სახელმწიფოს აღარ გააჩნდა ინტერესი საგადასახადო დავალიანების იძულებითი წესით ამოღების თაობაზე, რასაც შეეძლო პოტენციურად საფრთხე შეექმნა სასწავლო პროცესის უწყვეტობაზე. ავტორიზაციის საბჭომ მიუთითა ის გარემოებაც, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ უნივერსიტეტის გასხვისების თაობაზე და მიიჩნია, რომ უნივერსიტეტის გაყიდვის თაობაზე პროცესის შეფერხებამ გაზარდა ფინანსური რისკები, თუმცა საკითხის განხილვის დროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საბჭოს წარუდგინეს საბანკო ანგარიში, რომელზეც განთავსებული იყო 739 720 ლარი, გარანტია, უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ დავის დასრულების შემთხვევისთვის. საბჭოს მიერ იგნორირებულ იქნა ჩამოთვლილი ყველა გარემოება სრულიად გაუგებარი და კანონმდებლობის მიზნობრიობიდან გამომდინარე რეალურ შინაარს მოკლებული “არგუმენტაციით”.

გარდა ამისა, 2018 წლის 27 აგვისტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე 715 433.01 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი - საგადახდო დავალება და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით უნივერსიტეტს არ ერიცხება საგადასახადო ვალდებულება; ამჟამად, დაწესებულებას სალდოირებული ზედმეტობის სახით ერიცხება 891 577, 89 ლარი. ჩამოთვლილი მტკიცებულებები წარმოადგენს იმ ახლადგამოვლენილ გარემოებას, რომელიც მთლიანად გამორიცხავს ფინანსურ და სწავლების პროცესის უწყვეტობის წინაშე არსებულ რისკებს, რისი ალბათობაც გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც არ არსებობდა.

უნივერსიტეტს ვებ-გვერდზე განთავსებული ჰქონდა და აქვს სრული ფინანსური დოკუმენტაცია - აუდიტის მიერ გაცემული დასკვნა - ფინანსური ანგარიშგებები, ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმა, რაც უზრუნველყოფდა ფინანსური ინფორმაციის საჯაროობას და, თავის მხრივ, ადასტურებდა, რომ უნივერსიტეტს ფინანსური რისკები ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ფინანსურ გეგმებში ჰქონდა გათვალისწინებული. ამასთან, ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმა განხილულ იქნა ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე და ექსპერტების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ უნივერსიტეტს ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

საბჭოს პოზიციის უსაფუძვლობასა და უსამართლობაზე ისიც მეტყველებს, რომ უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება ჯარიმის სახით დაკისრებულ თანხას. როგორც აღინიშნა, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 3 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებსა და უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას მოემსახურებოდა). ალოგიკურია ავტორიზაციის საბჭოს მოქმედება, რადგან, უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვის გზით, ხელს უშლის უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას და იწვევს მატერიალურ არასტაბილურობას. ეს გადაწყვეტილება დაწესებულებისათვის უფრო მდგომარეობის გაუარესებას ემსახურება, ვიდრე მისი საქმიანობის ხელშეწყობას.

ავტორიზაციის საბჭომ ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი ინციატივით შერჩეული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციური შეფასება, ასევე აღწერილ მდგომარეობაში დისკრეციულობის გამოყენებით პირდაპირ დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პრინციპი უკვე განცდილ მატერიალურ ზიანთან მიმართებით. დარღვეულ იქნა ასევე პროპორციულობის პრინციპი - თანაფარდობა გადაწყვეტილებით მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ ღონისძიებას შორის.

ავტორიზაციის საბჭოს უსამართლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23-წლიანი წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს 60-ზე მეტ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტში, ამჟამად, სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი.

იმ შემთხვევაში, თუ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვა 2018 წლის 15 დეკემბრამდე არ მოიხსნა, საფრთხეს შეექმნება სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას, ფაქტობრივად, სულ მცირე ორი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი დაწესებულებისათვის გაკოტრებისკენ მიმავალი გზა იქნება და საბოლოოდ ჯამში საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტას გამოიწვევს.

ცენტრის გადაწყვეტილება იწვევს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების უგულვებელყოფას და არ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის დაცვას არაჯანსაღი გავლენებისგან.

მოგმართავთ თხოვნით, რეაგირება მოახდინოთ არსებულ სიტუაციაზე, რათა დაცულ იქნას აბიტურიენტების, სტუდენტების განათლების უფლება, პროფესორ-მასწავლებლების შრომის უფლება, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების თავისუფლება და კანონის უზენაესობა“, - ნათქვამია საპარლამენტო სუბიექტებისთვის გადმოგზავნილ წერილში, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ აწერს ხელს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წერილის მიღებიდან მეორე დღესვე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში შეხვდა, თუცა ამ აუდიენციის თაობაზე მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა