მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ სპორტსმენებს ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები მიულოცა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტის წევრებმა სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„დღეს არის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ძალიან მტკივნეული დღეა თითოეული ქართველისთვის. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ომში გარდაცვლილთა სულებს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პოზიცია, საშუალებას მოგვცემს და ნამდვილად მოვახერხებთ ჩვენი ძმებთან - აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში ქართველ სპორტსმენთა მიერ მიღწეულ წარმატებებსაც გამოეხმაურა.

„წარმატებული სპორტული კვირა გვქონდა. მინდა მოგილოცოთ ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა და აღვნიშნო, რომ წარმატებული სპორტი ყოველთვის აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებები გაგრძელდება და შემდგომში კიდევ უფრო მეტი იქნება. ასევე მინდა ჩვენ კოლეგას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას ჯილდო მივულოცო, რომელიც ფეხბურთში მასობრიობის ზრდასთან დაკავშირებით გადაეცა. მართლაც უნიკალური პროექტი გაკეთდა - მოყვარულთა ლიგა, სადაც დაახლოებით 8 ათასამდე მონაწილეა და ამ მოკლე პერიოდში ასეთი ზრდა უეფასაც არ გამორჩა. ასევე შეგვიძლია ლაშა ტალახაძესაც მივულოცოთ ახალი რეკორდის დამყარება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ჯაიანს მოუსმინეს. მომხსენებელმა აღნიშნულ სფეროში წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე და საცხენოსნო სპორტის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრადიციები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, მეცხენეობა და საცხენოსნო სპორტი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს. აღნიშნული სფეროს აღორძინება და განვითარება შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოყოფას საჭიროებს, ფედერაცია კი ამ კუთხით სახელმწიფოსგან მიზერულ თანხებს იღებს“, - აღნიშნა ლაშა ჯაიანმა. მისივე განცხადებით, მართალია სპორტის ეს სახეობა საკმაოდ მოცულობით ფინანსურ ინვესტიციას საჭიროებს, თუმცა მისი განვითარების შემთხვევაში, საცხენოსნო სპორტის და ტურიზმის სფეროდან მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზრდილი თანხების გამოყოფაზე მოთხოვნა და კერძო ინვესტორების დაინტერესება, აუცილებელია დეტალურად გაიწეროს სპორტის განვითარების სტრატეგია და მისი მოსალოდნელი შედეგები.

კომიტეტის წევრმა, ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნული საკითხების განხილვისას, კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრების ინიციატივა გამოთქვა. მისი განცხადებით, სპორტის ეროვნული ფედერაციების ანგარიშის მოსმენისას მნიშვნელოვანია საკითხის განხილვას ფინანსთა სამინისტროც დაესწროს, რადგან ძირითადი მოთხოვნები ფინანსების გამოყოფას უკავშირდება.

საცხენოსნო სპორტის განვითარების მიმართულებებზე მსჯელობისას ფედერაციის პრეზიდენტმა მცხეთასთან ახლოს საცხენოსნო ფერმის აშენების ინიციატივა წარადგინა, რაც მისივე განცხადებით, ქართული ჯიშის ცხენების პოპულარიზაცია-გამრავლებას და მათ პასპორტიზაციას შეუწყობს ხელს. საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე მოწვეულმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლებელია დუშეთის რაიონში, ბაზალეთთან ახლოს გამოიყოს შესაბამისი მიწის ფართობი, თუმცა ფედერაციამ პირველ რიგში, ის მოთხოვნები უნდა წარმოადგინოს, რაც საცხენოსნო ფერმის მშენებლობისთვის იქნება საჭირო.

საცხენოსნო ფერმის მშენებლობისთვის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობებზე იმსჯელა, რომელიც ეროვნულ ფედერაციასა და მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

კომიტეტის სხდომაზე მოქალაქეების კლეოპატრა ქარუმიშვილისა და გიორგი გაბუნიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სპორტის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ განიხილეს. წარმოდგენილ წინადადებაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო ოფისის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის გამო, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების შემდგომ მსვლელობას, მხარი არ დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა