29 სექტემბერს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც გულის დღე აღინიშნება. გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ერთდრულად აღინიშნება იმ 100 ქვეყანაში, რომლებიც
მსოფლიო გულის ფედერაციის წევრები არიან. მათ შორის არის საქართველოს გულის ფონდიც, რომლის პრეზიდენტია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გულისა და გულ-ფილტვის ასოციაციების საპატიო წევრი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, mkurnali.ge-ს კონსულტანტი მერაბ მამაცაშვილი.
ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა მთელი რიგი ნაციონალური ღონისძიებები: საჯარო საუბრები, სკრინინგი, სვლა და სირბილი, სამეცნიერო შეხვედრები, სატელევიზიო შოუები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები.
საქართველოში წლევანდელი ღონისძიება გაიმართება თბილისის მერის, კახა კალაძის მხარდაჭერით და მისი ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, გულის საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს გულის ფონდი და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება.
ღონისძიებები მიეძღვნება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ხოლო დევიზია "გული ჯანმრთელობისთვის". მსოფლიო გულის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ნუსხა მრავალფეროვანია და მოიცავს სამეცნიერო კონსულტაციას, ლექციებს, გამოფენას, ავადმყოფების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, სკრინინგს, სპორტულ ასპარეზობას.
სპორტული მარათონი დაგეგმილია ლისის ტბაზე 09:00 საათიდან, ხოლო შემდეგ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
„განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებზე, ვინაიდან ბოლო ხანებში ყურადღებას იპყრობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია, განსაკუთრებით ქალებში, ამის მიზეზად სახელდება თამბაქოს მზარდი მოხმარება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია ადრეული ასაკიდან უნდა ხორციელდებოდეს, ვინაიდან არასწორი კვება, პასიური ფიზიკური ცხოვრება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებების რისკებს“, - აცხადებს პროფესორი მერაბ მამაცაშვილი.
მსოფლიო გულის დღის ფინალურ ეტაპთან დაკავშირებით ჩატარდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაწილი, რაც მოიცავს მარათონს და პარაოლიმპიელების ასპარეზობას. გამარჯვებულები მიიღებენ საჩუქრებს და გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები.