ქართული პრესის მიმოხილვა   29.09.2018

“ოცნების” ლიდერები პარტიის დატოვებით იმუქრებიან

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის ლიდერად ჩამოყალიბების სისტემა

იტალიური სახანძროების გამარჯვება ხაშურის ტყეებში

პოლიტიკით გაყოფილი უგზო-უკვლოდ დაკარგულები

კრიმინალური პოლიცია სახეს იცვლის

თბილისური ავტომატებით ჰიტლერის წინააღმდეგ...

***

“ომეგა” ჯგუფის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი შესაძლოა “ოცნებაში” განხეთქილების მიზეზი გახდეს. კანაფის გამო აქ უთანხმოება ისედაც არ აკლიათ, მაგრამ “ომეგას” ამბები კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში არაერთი სკანდალური ჩანაწერი გამოქვეყნდა და “ომეგა” ლონდონის სასამართლოში ჩივის, “ოცნების” ბოსები უმწიკვლო გამომეტყველებით აფახულებენ წამწამებს და აცხადებენ, მაგას ჩვენ როგორ ვიკადრებდითო. “ოცნებაში ყველას არ სჯერა, რომ მათი თანაგუნდელები უკადრებელს არ იკადრებდნენ - დეპუტატების ნაწილი სასწრაფო გამოძიების ჩატარებას და ფარული აუდიო ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას ითხოვს ამ სკანდალის გამო მმართველი პარტია შესაძლოა ორმა დეპუტატმა - რომან კაკულიამ და აკაკი ზოიძემ დატოვოს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით “ოცნების” ლიდერები პარტიის დატოვებით იმუქრებიან.

“სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ მათ აზრს სხვა დეპუტატებიც იზიარებენ, მაგრამ ისინი თავისი პოზიციის დაფიქსირებისგან ჯერ თავს იკავებენ. “სამაგიეროდ ხმამაღლა გაჰკივიან “ოცნების” ჩინოსნების უმწიკვლობაში დარწმუნებული დეპუტატები. გია ვოლსკი და ზვიად ძიძიგური მზად არისნ თავი დადონ, რომ “ოცნების” ჩინოსნები უკადრებელს არ იკადრებდნენ... პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თვამჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეშფოთებულია და მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ყველა ფიგურანტი უშუალო კავშირში არ არის ხელისუფლებასთან, ეს “ოცნების” მმართველობის პერიოდში ხდება და ამიტომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კაკულია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ “ოცნება” ამ თემასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირს ვერ აიცილებს, ხრლისუფლება ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ჩინოსნები უკანონობას სჩადიოდნენ, დეპუტატი პარტიას დატოვებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების მიუხედავად, ჩვენ დღემდე ვერ შევქმენით სასამართლო გადაწყვეტილებათა ის ხარისხი, როდესაც შეგვიძლია მშვიდად დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს ტრაფარეტული ფრაზა იყოს ჭეშმარიტების გამომხატველი... ნამდვილად არ მინდა ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ასეთი ტიპის საქმიანობებთან... “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მხრიდან ის დიდი მხარდაჭერა აღარ აქვს და და მე ძალიან კარგად ვიცი ჩვენი მოსახლეობის განწყობა, მე ვხვდები და ვესაუბრები მათ. ამიტომ ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემაა საჭირო”, - ამბობს რომან კაკულია. მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზეც აქვს კითხვები - “ხორავას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი არ ვარ და ასეთი განწყობა ძალიან ბევრ ჩემს თანაპარტიელს აქვს”, - აღნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ მისთვის ის ღირებულებებია მნიშვნელოვანი, რითაც 2012 წელს “ოცნებასთან” ერთად რომ მოვიდა ხელისუფლებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სკანდალური ჩანაწერები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესაც აწუხებს. გამოძიებას ისიც ითხოვს, იმედს იტოვებს, რომ “ოცნების” ჩინოსნები უდანაშაულონი არიან - “მე რომ მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში “ქართული ოცნების” წევრი არ ვიქნებოდი და უფლებამოსილებას მაშინვე მოვიხსნიდი. თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ ეს ასე არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს - ჩემი აზრით, გამოძიება სწრაფად ჩატარდება”, - ამბობს ზოიძე. მის განცხადებას “ოცნებაში” გაგებით მოეკიდნენ, კაკულიას კი მოჭარბებული ემოციები ზვიად ძიძგურმა და გია ვოლსკიმ დაუწუნეს... სხვა თვალით უყურებს შექმნილ ვითარებას ოპოზიცია - “ევროპული საქართველოს” ლიდერი ირმა ნადირაშვილის აზრით, ჯაობს კაკულიამ ახლავე დატოვოს “ოცნება”, რადგან სულ ცოტა საღი აზრია საჭირო იმის მისახვედრად, რომ ხელისუფლება რეკეტს ახორციელებს. კაკულიას განცხადებას დადებითად აფასებს “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძიც, რომლის თქმით, რომან კაკულიას ასეთი კომენტარი მის მორალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რომან გოცირის თქმით, “იბერიის” და “ომეგას” საქმეები ერთი-ერთი გამოვლინებაა - ადამიანი კედელთან მიაყენეს და იძულებული გახდა ყველაფერი ეთქვა და ეჩვენებინა. მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო და გარიგებოდა ეს ბიზნეის და ხელისუფლება ერთმანეთს? ეს არის მხოლოდ ზედა მხარე. ყველა სფეროში ასეა - ასეა ნავთობის იმპორტიორებთან დაკავშირებით, რომლებიც იხდიან უზარმაზარ ფულს ხელისუფლების ჩინოვნიკებითვის, ასევე ფარმაცევტულ ბიზნესში, ასევე იმ მრავალმილიონიან ტენდერებში, სადაც იმარჯვებენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფირმები. არავინს გადაყვება ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” სამარეში, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ დისკომფორტი”, მიიჩნევს გოცირიძე, რომლის აზრით, “როგორც ჩანს, პირველი ნიშნები უკვე არის პარლამენტში”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის ლიდერად ჩამოყალიბების სისტემა / იტალიური სახანძროების გამარჯვება ხაშურის ტყეებში / პოლიტიკით გაყოფილი უგზო-უკვლოდ დაკარგულები / კრიმინალური პოლიცია სახეს იცვლის / თბილისური ავტომატებით ჰიტლერის წინააღმდეგ...

“ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკრები უმაღლეს აკადემიურ და სამხედრო განათლებას იღებენ. იუნკერთა აღზრდის სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათში სამხედრო ლიდერის თვისებების განვითარებას. ვინაიდან აკადემიის დასრულების შემდეგ იუნკრები ოფიცრებად უკვე ოცეულის მეთაურების რანგში გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ამიტომ მათთვის აუცილებელია გამომუშავებული ჰქონდეთ პირად შემადგენლობასთან ურთიერთობისა და მისი მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N10, სექტემბერი, 2018) სტატიაში სათაურით მიწაზე “ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის ლიდერად ჩამოყალიბების სისტემა / სამეთაურო თანამდებობებზე იუნკრების შერჩევა და დანიშვნა”.

“საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ოფიცრები მაღალი პროფესიონალიზმითა და მტკიცე ხასიათით უნდა გამოირჩეოდნენ. თანამედროვე გამოწვევები შეიარაღებული ძალების წინაშე დასახული ამოცანების განსაზღვრას ართულებს. ამგვარ ოპერატიულ გარემოში ჯარისკაცებისა და ქვედანაყოფების გაძღოლისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ლეიტენანტები ფუნდამენტურ ღირებულებებზე ორიენტირებული ლიდერის უნარებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი. ამ მიზნის მისაღწევად აკადემიის სასწავლო ბატალიონში შემუშავებულია “ლიდერად ჩამოყალიბების სისტემა”, რომელიც ხელს უწყობს იუნკრებში დისციპლინის განმტკიცებას, ლიდერის თვისებებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მაღალი მორალისა და მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებას, კომუნიკაციის დამყარებას, კრიტიკული აზროვნებისა და ქვედანაყოფის მართვის უნარის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ დოლიძე.

“აკადემიის სასწავლო ბატალიონის “ლიდერის ჩამოყალიბების სისტემა” რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, მათ შორისაა სამეთაურო თანამდებობებზე იუნკრების დანიშვნის პროგრამა. “ლიდერის ჩამოყალიბების სისტემის” ფარგლებში აკადემიის სასწავლო ბატალიონში იუნკრები დროებით ინიშნებიან სამეთაურო თანამდებობებზე, როგორიცაა იუნკერი ასეულის მეთაური, იუნკერი ასეულის მეთაურის მოადგილე, იუნკერი ასეულის სერჟანტი, იუნკერი ოცეულის მეთაური, იუნკერი ოცეულის სერჟანტი და იუნკერი ათეულის მეთაური”, - დასძენს ოთარ დოლიძე. გამოცდილების შესაძენად "ლიდერად ჩამოყალიბების სისტემა" ბევრის მიმცემია მომავალი ოფიცრებისთვის - ისინი ეჩვევიან პირად შემადგენლობასთან ურთიერთობას და გამოიმუშავებენ მათთან მიდგომის თავისებურებებს, რაც ქვედანაყოფში სამსახურის დროს ძალიან გამოადგებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავდაპირველად აკადემიაში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია, რადგან ურთიერთობა გიწევს ასობით სრულიად უცხო პირთან. ამ დიდ ოჯახში საკუთარი თავის დამკვიდრება, თითოეულ სასწავლო დისციპლინაში მაქსიმალური შედეგის ჩვენება და სხვა, არცთუ ისე მარტივია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ მაინც იმ სირთულეს გამოვყოფდი, რომლის დაძლევა საკუთარი თავის რწმენას გაძლევს, ესაა სამეთაურო რგოლში ყოფნა. როცა ასეულის მეთაური ხარ, ძნელია ყველასთან საერთო ენის გამონახვა და მათი პატივისცემის მოპოვება. თუკი ჯარისკაცი პატივს არ გცემს, ყველანაირი საქმიანობა დროის ფუჭი კარგვაა. კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გამოუცდელობაა. თუმცა მე გამიმართლა, რადგან ასეულის მეთაურის თანამდებობამდე დაკავებული მქონდა ათეულის მეთაურის პოზიცია. შესაბამისად ამ პოზიციაზე ყოფნის დროს შევიძინე ცოდნა-გამოცდილება, რაც დამეხმარა ასეულის მეთაურის მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იუნკერი, ასეულის მეთაური მურმან სამნიაშვილი.

“მიუხედავად იმისა, რომ ასეულის მეთაურის თანამდებობა გაძლევს ბევრ უფლებამოსილებას, იმავდროულად, გაკისრებს დიდ პასუხისმგებლობასაც. როდესაც მხოლოდ საკუთარი თავი გაბარია, მეთაურის თანამდებობაზე ყოფნა ბევრად მარტივად წარმოგიდგენია. მას შემდეგ, რაც მეთაურის ადგილზე აღმოჩნდები, ხვდები, რომ ასე არაა და გიწევს არა მარტო საკუთარ თავზე ფიქრი, არამედ ხელქვეითებზეც. ჩვენი მოვალეობის უმთავრესი ასპექტი მათი ეფექტიანად მართვა და დღის განრიგის ზედმიწევნით შესრულებაა, ასევე მათზე ზრუნვა, რაც ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია. რთულია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამდენიმე ათეული ადამიანის მართვა. თუმცა შრომითა და მონდომებით შესაძლებელია ყველა სირთულის დაძლევა”, - დაასკვნის მურმან სამნიაშვილი.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აგვისტოს ბოლოს ხაშურის რაიონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ორ დღეში დაამარცხეს და თავიდან აიცილეს მასშტაბური კატასტროფა, რომელიც შედეგით შეიძლება ბორჯომის 2017 წლის ხანძრებზე ბევრად მძიმე ყოფილიყო. ტყის ხანძარი განსაკუთრებით მთებში ძნელი ჩასაქრობია, რაც განპირობებულია რელიეფის სირთულით, ხანძრის კერასთან მისადგომი გზების უქონლობით, დიდი რაოდენობით წყლის ტრანსპორტირების პრობლემებით და სხვ. ასეთ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველის თავდადება და ვაჟკაცობა საკმარისი არ არის. აუცილებელია სახანძრო ტექნიკა, რომელიც ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა პირველად ხაშურის ტყეებში გაჩენილ ხანძართან ბრძოლაში გამოიყენეს. იტალიური “ივეკო ასტრას” წარმოების მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილებმა საქართველოში შემოსვლიდან რამდენიმე დღეში ხანძართან ბრძოლაში გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და მეხანძრე-მაშველებისგან საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურეს. ხაშურის რაიონის ტყეებში ხანძართან ბრძოლისას ცეცხლის კერებთან მისადგომი ადგილების მოსაძებნად მეხანძრე-მაშველებმა უპილოტოებიც გამოიყენეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით იტალიური სახანძროების გამარჯვება ხაშურის ტყეებში.

“ხანძარი ხაშურის რაიონის ტყეებში 28 აგვისტოს დაფიქსირდა, ხოლო 29 აგვისტოს შუადღით გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს 20-კაციანი დანაყოფი მაღალი გამავლობის 2 ავტომობილით ხანძრის ჩასაქრობად გაიგზავნა. ადგილზე უკვე მუშაობდა შტაბი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის ალექსანდრე ხვადაგიანის ხელმძღვანელობით. მობილიზებული იყო თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან 230 მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე, 6 “ზილის”, 2 “კამაზისა” და 2 “უნიმოგის” მარკის სახანძრო ავტომობილი. პრობლემას უშუალოდ ხანძრის კერასთან წყლის უკმარისობა გვიქმნიდა, რადგან არც ერთ სახანძრო მანქანას 2 ტ-ზე მეტი ტევადობის წყლის ავზი არ ჰქონდა და ტყის ხანძართან ბრძოლაში ეს ბევრი არ არის. იწვოდა ფოთლოვანი ტყე და ცეცხლის წიწვოვან ხეებზე გადასვლის დიდი საფრთხე არსებობდა, მაშინ კი ბორჯომის შარშანდელი ხანძრები მოგონილი იქნებოდა. ამიტომაც შტაბმა ხანძრის ჩაქრობაში ახალი იტალიური ტექნიკის გამოყენება გადაწყვიტა. მანქანების გამოყენებაზე მძღოლებს იტალიელმა სპეციალისტებმა სერტიფიკატები 29 აგვისტოს გადასცეს და ახალი სახანძროები 30-დან ხაშურის რაიონის სოფელ ცედანასთან ხანძრის ჩასაქრობად გაიგზავნა. ხანძრის კერასთან ექვსივე ახალი სახანძრო მუშაობდა და ცეცხლის ჩაქრობაში თითოეულის 4 ტ წყალი საგრძნობი ძალა იყო. ურთულეს რელიეფზე, ძლიერ ქარსა და სიცხეში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა და ახალმა სახანძრო მანქანებმა შეუძლებელი შეძლეს და ხანძარი 2 დღეში ჩააქრეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე მალხაზ გოგიაშვილი.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტრანსპორტის სამმართველოს წლების განმავლობაში ხანძრებთან, მათ შორის ტყის ხანძრებთან ბრძოლაში სახანძრო ტექნიკის გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს. სახანძრო ავტომობილებს ბევრი ქვეყნის მრავალი ცნობილი კომპანია ამზადებს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებას მხოლოდ იტალიური “ივეკო ასტრა” დაეთანხმა. ჩვენთვის მთავარი იყო 4 ტ ტევადობის ავზის მქონე ავტომობილის მინიმალური წონა და მაღალი გამავლობა სამთო პირობებში. ამ მხრივ “ივეკო ასტრა”-ს 4438 მოდელის (4X4) მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა ჩვენი რელიეფისთვის სავსებით მისაღებია. მისი წონა წყლით, საწვავითა და ქაფით სრულად გაწყობისას 11 150 კგ-ს შეადგენს. ავტომობილი სპეციალურად ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი და 380-ცხ.ძალიანი დიზელის ეკონომიური ძრავითაა აღჭურვილი. აქვს საკმაოდ მაღალი კლირენსი, მაგრამ ამის მიუხედავად, ღერძებზე წონების თანაბარი განაწილებით ქანობებზე მაღალ მდგრადობას ინარჩუნებს. თავისუფლად შეუძლია 27გრადუსამდე დახრილობის გრძივ ქანობსა და 35 გრადუსამდე დახრილობის განივ ფერდობზე მუშაობა. თითოეული ავტომობილი ამის შესაბამის ქარხნულ შემოწმებას გადის, რაც სათანადო სერტიფიკატით დასტურდება. მაღალი კლირენსის ხარჯზე `ასტრა~ იოლად დასძლევს 65 სმ სიღრმის მდინარის ფონს. მანქანის ტრანსმისიაში გამოყენებულია თვითმაბლოკირებელი დიფერენციალი, რომელიც ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე გამავლობის გასაზრდელად გრუნტთან თვლების ჩაჭიდების მომენტის გადანაწილებას უზრუნველყოფს. მინაბოჭკოვანი მასალისგანაა დამზადებული 4 ტ წყლისა და 200 ლ ქაფის ტევადობის ავზები. ასეთი მასალა უჟანგავ ფოლადზე გამძლე და მსუბუქია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტრანსპორტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლევან მახათაძე.

“ცეცხლთან ბრძოლის მთავარი საშუალება ორსაფეხურიანი წყლის ტუმბოა. კომპანია სახანძრო მანქანებისთვის ტუმბოების კორპუსსა და მის ნაწილებს ალუმინის შენადნობისგან ამზადებს. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ალუმინის შენადნობი კოროზიას მაინც განიცდის, ამიტომ ჩვენი მოთხოვნით წყლის ტუმბოს კორპუსი და შიდა დეტალები უფრო გამძლე თითბრისგან დამზადდა. ტუმბოს ერთდროულად 6 სახანძრო ლულასა და მანქანის სახურავზე დაყენებულ ლაფეტს დაბალი წნევით (10 ბარი) წუთში 3 ათასი ლ, მაღალი 40 ბარი წნევისას კი 350 ლ წყალს აწვდის. იმავე ტუმბოთი გათვალისწინებულია წყალსაცავიდან 8 მ სიმაღლიდან წყლის ამოქაჩვა ან ქაფის დამატებით ავზების მიერთება და სახანძრო ლულებისთვის მიწოდება. სხვა სახანძრო მანქანებზე “ასტრა” იმითაც უკეთესია, რომ დაბალი სიჩქარით მოძრაობის დროს ექვსივე სახანძრო ლულაზე წყლის მიწოდება შეუძლია. უფრო მეტიც, ჩვენი მოთხოვნით ავტომობილებს გვერდებზე თითო დოლურა დაემატა. ერთზე 75 მ, მეორეზე კი 60 მ სიგრძის შლანგია დახვეული, რითაც ცეცხლთან ბრძოლას ერთდროულად მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი ორ მხარეს შეძლებს. მანქანის ძარის ზედა ნაწილში დაყენებული ლაფეტი წყლის ჭავლს წუთში 1600 ლ-ის წარმადობით 60 მ-ზე გატყორცნის, ხოლო მას კაბინიდან ჯოისტიკით მეხანძრე-მაშველი მართავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ავტომობილს აქვს ოთხი საცავი, სადაც მეხანძრის შეიარაღების 50 სამაგრია დაყენებული ცეცხლთან ბრძოლისთვის აუცილებელი აღჭურვილობით. კიდევ ერთი ჩვენი მოთხოვნა კაბინის საქარე და გვერდითი მინების ლითონის ბადეებით დაცვა იყო, რომლის საჭიროება ტყის ხანძრებთან ბრძოლის პრაქტიკამ გვიკარნახა. სექტემბრის ბოლოსთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს 20 ახალი “ივეკო ასტრა” ეყოლება და მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება. ექსპლუატაციის პერიოდში ყოველი 5 ათასი კმ-ის გარბენის შემდეგ სახანძროებს ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდება. ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ავტომობილის ნებისმიერ აგრეგატს არემონტებენ. ახალ სახანძრო მანქანებზე მხოლოდ სერტიფიცირებული მეხანძრე-მაშველი მძღოლები იმუშავებენ. იტალიელმა სპეციალისტებმა 20 კაცს თეორიულ-პრაქტიკული მომზადება ჩაუტარეს და სერტიფიკატებიც გადასცეს.”, - დასძენს ლევან მახათაძე.

“აფხაზეთის ომის დასრულებიდან 26 წლის შემდეგაც, როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარე ინახავს სიას, სადაც აღნუსხული ადამიანები დედამიწაზე ყველაზე დიდ ბოროტებას, ომს შეეწირნენ და რომელთაც საფლავები წლების შემდეგ ეღირსათ, ზოგი კი დღემდე იძებნება. ქართული მონაცემებით, აფხაზურ მხარეს 139 უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს, აფხაზების თქმით კი მათ 200-მდე კაცზე ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა ბოლო წლებში “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით 40-მდე ნეშტი იპოვეს... აფხაზეთის ომში ორივე მხარეს 1800-ზე მეტი კაცი დაიკარგა, მათგან მეტი წილი ქართველებზე მოდის”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით პოლიტიკით გაყოფილი უგზო-უკვლოდ დაკარგულები.

“როდესაც ამ თემაზე ვწერ, ყოველთვის ვფიქრობ ჩემს უახლოეს ნათესავზე, კონსტანტინე გუგავაზე, რომელსაც გაგრაში რამდენიმე თვე ახლობელი აფხაზები მფარველობდნენ. რამდენჯერმე დაასმინეს კიდეც. დაახლოებით 7-ჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, მაგრამ ყოველთვის გადაარჩინეს... შემდეგ კი, როდესაც აფხაზეთის დაბრუნების იმედი დაკარგა, ერთ-ერთიY ნათლულის დახმარებით სამშვიდობოს გამოსვლა გადაწყვიტა... თურმე სწორედ მან უმტყუნა და გაგრის გასასვლელთან ზურგში ესროლა იმ მოლოდინით, რომ წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე გუგავას ჩანთაში ძვირფასი ნივთები და დიდი თანხა ექნებოდა... “5 დღე ქუჩაში უპატრონოდ ეგდო, შემდეგ ისევ აფხაზებს უპოვიათ, უცნიათ, ეს კარგი კაცი იყო და ასე ვინ გაიმეტაო... სადღაც გზისპირზე დაუმარხავთ~, – უყვებოდნენ შემდეგ დევნილები მის შვილებს, რომელთაც მამის საფლავი დღემდე არ აქვთ. რომელ გზისპირზე, ვინ მიაბარა მიწას და წლების შემდეგ, როგორ უნდა იპოვონ, ვერ დადგინდა. საქმეში ჩაერთვნენ “წითელი ჯვარი” და აფხაზური მხარეც, მაგრამ ჯერჯერობით საფლავი ვერ იპოვეს... ასე, უსაფლავოდ დარჩენილი მეომრებისა და ომს გამოქცეული მშვიდობიანი ადამიანების უამრავი ისტორია შემოგვინახა წლებმა”, - აღიშნავს გამოცემა.

“1990-იანი წლების ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი მწვავედ დგას ოკუპირებულ აფხაზეთშიც, ე.წ. ვიცე-პრემიერ დაურ არშბას თქმით, “აფხაზეთის დედები მშვიდობისა და სოციალური თანასწორობისთვის” საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელ ჯვართან” ერთად დღემდე ეძებენ ომში დაკარგულ შვილებს, ძმებს, ოჯახის წევრებს... დღემდე ასეთი ორ ასეულამდე ადამიანია”. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გული კიჩბას განცხადებით, “წითელი ჯვარი” იმ 170 კაცის პოვნას აპირებს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა დამარხული. “41 ოჯახს უკვე გადასცეს თავიანთი ოჯახის წევრების ნეშტები, რომელიც დნმ-ით დადასტურდა... ეს ძალიან დიდი მიღწევაა და იმედია, დანარჩენების პოვნაც მოხერხდება. არავინ იცოდა, რომ სოხუმში პარკში 8 მეომარი განისვენებდა, ისინი 2013 წლამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ~, – აცხადებს გული კიჩბა, რომლის შვილიც ასევე დაკარგულად ითვლება”, - წერს სტატიის ავტორი,

“რამდენჯერ გვიფიქრია მე და ჩემს ქმარს, განა რა არის ეს ხელისგულისოდენა აფხაზეთი იმხელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიაროთ აქაურობაო, მაგრამ ვერ შევძელით... მისი თანამებრძოლებიდან და ახლო მეგობრებიდან ან გალოთდნენ და ჭკუა არ ეკითხებათ, ან განარკომანდნენ და არაფერი გვახსოვსო, ამბობენ, ან ქვეყნიდან წავიდნენ და ვერ ვუკავშირდებით. არადა, იმ ხალხის გვიკვირდა, ვინც თავის დაღუპულებს სახლის სარდაფებში მარხავდა. ახლა ჩვენ მათი გვშურს. 17 წელი დაღუპვის შემდეგ შეუსრულდა ჩემს ბიჭს. დედისერთა იყო... სახლი დაგვიწვეს და ჩემი შვილისგან, მხოლოდ სკოლის ატესტატი დაგვრჩა, რომელსაც მის ქართველ ბებიასთან ინახავდა, რადგან სოხუმის სკოლაში აპირებდა გადასვლას”, - ამბობს აფხაზი ელენა კოკოსკერია... “ფონდ “მოლოდინის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინელი ანდრიაძის თქმით, მეომრების გარდა, ომის დასრულების შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეების პოვნა მოხერხდა. მათ შორის ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი აფხაზის, რომელიც ოჯახს ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა იყო შემთხვევები, როცა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ძებნა უშედეგოდ დასრულდა”, - დასძენს გამოცემა.

“დავდიოდით კარდაკარ, მეომრებთან, დევნილებთან, სამხედრო ნაწილებში და ვეკითხებოდით ამა თუ იმ კონკრეტულ ბრძოლაზე, სად მოხდა, რა ადგილას, შემდეგ ინფორმაციას აფხაზურ მხარეს ვაწვდიდით, ისინი არკვევდნენ, რომელი ფორმირება მონაწილეობდა იმ ბრძოლებში და ასე ადგენდნენ დაკარგულის ვინაობას. თუმც, ყველას პოვნა მაინც ვერ მოხერხდა. ძნელი იყო აფხაზი მეომრების ოჯახებთან მუშაობა. შეხვედრებს აფხაზური მხრიდან ოთარ ცარგუში და ოთარ კაკალია უკეთებდნენ ორგანიზებას. პირველად ოჩამჩირის საქალაქო ბიბლიოთეკაში შევხვდით ერთმანეთს. ცარგუში მაშინ აფხაზეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, კაკალია - მთავრობის წარმომადგენელი. აფხაზი დედები, როგორც მოსალოდნელი იყო, აგრესიულად შეგვხვდნენ. ერთ-ერთს ვუთხარი, იმ უაზრო ომში მეც დავკარგე შვილი, მაგრამ მტრად მაინც არ მიგიჩნევთ, არც თქვენს შვილს მივიჩნევ მტრად-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ არაფერი მითხრა... იყო მარცხიანი მოლაპარაკებებიც, მაგალითად, ერთმა აფხაზმა ქალმა გვითხრა, ჩემი შვილის საფლავის ადგილსამყოფელი შოთა კვირაიამ იცისო. არაერთხელ ვცადეთ მისგან ამის გაგება, მაგრამ ისე გარდაიცვალა, არაფერი გვითხრა. ვიცი, რომ, დღემდე ნაწყენია დაკარგული აფხაზი მეომრის დედა გიული კიჩბა, მის შვილზეც ვერაფერი გავიგეთ, თუმცა ბევრი ვეცადეთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ აფხაზეთში “მწვანე სახლთან” იყვნენ და შეიძლება ის ბიჭი იქ არის დასაფლავებული. აფხაზურ მხარეს 139 მეომარი ჰყავდა უგზო-უკვლოდ დაკარგული, მათგან ნაწილი ნაპოვნია, თუმცა მოსაძებნიც კიდევ ბევრია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინელი ანდრიაძე.

”შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმირებას იწყებს. ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გახარიას განცხადებით, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში დაწყებულია საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივეს გასაძლიერებლად კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით კრიმინალური პოლიცია სახეს იცვლის.

“მინისტრის განმარტებით, რეფორმა გამოძიების ხარისხის გაზრდას ემსახურება, როგორც კვალიფიკაციის ამაღლებისა და სისტემაში ფუნქციების გამიჯვნით, ისე საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრით. უწყებამ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია და შედეგების შესაბამისად სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. შსს-მ შეიმუშავა ასევე გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომელიც უწყებაში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების წინა პირობაა. სამინისტროში არსებული კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნიმუში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურაა. რაც შეეხება თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სტრუქტურის ცვლილების მიზანია ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოყოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ გამოძიებაზე იმუშავებენ, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე, და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე” - აღნიშნავს გამოცემა.

“გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებით დაკავდება - აღნIშნავს გახარია. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტი და საერთოდ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე. ეს ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი რეფორმებისა და ნაბიჯების მიზეზი და მიზანი, სტატისტიკური მონაცემები კი არა, ხარისხის გაუმჯობესებაა", – განაცხადა შს მინისტრმა, რომელმაც კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა, კერძოდ, გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხზე, რომლის მიზანია გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, გამომძიებელთა პასუხისმგებლობის ზრდა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამოძიების პროცესზე საპროკურორო კონტროლის გაძლიერება დასძენს გამოცემა.

“არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე... ყველას ექნება გადამზადების შესაძლებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი სტრუქტურაა და გვაქვს საშუალება, რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ვაცნობიერებთ, რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს. შეუძლებელია სისტემის აწყობა, თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ მოჰყვა მეტი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. კარიერული ზრდის შესაძლებლობა ყველას ექნება. ინერგება ახალი წესი, თუ როგორ მოხდება კარიერული ზრდა”, - თქვა შს მინისტრმა. მისივე თქმით, ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე ვერ გადავა, თუ შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან საბაზისო კურსები არ ექნება გავლილი. “ჩვენი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პირველ რიგში მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა კადრებისთვის", - დასძინა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, როდესაც ლაპარაკია რეფორმაზე, რასაკვირველია, უნდა ვისაუბროთ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე. “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა გავატაროთ. საგამოძიებო კომპონენტი ჩვენს სტრუქტურაში გარკვეულწილად ელიტა უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი”, - აღნიშნა მან”, - წერს სტატიის ავტორი.

“მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებაში წვლილი თემქაში აწყობილმა ცეცხლსასროლმა იარაღმაც შეიტანა. მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, სად თემქა და სად ჰიტლერიო, მაგრამ ფაქტია, რომ თემქის პროდუქციამ ჰიტლერის ათასობით (შეიძლება ათიათასობითაც) ჯარისკაცი იმსხვერპლა და დააჩქარა მეორე მსოფლიო ომის დამთავრება. თუმცა მივყვეთ თანამიმდევრულად – მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დიდი უპირატესობა შაშხანებსა და კარაბინებთან შედარებით. სანამ წითელი არმიის ჯარისკაცი “მოსინის” შაშხანას ხელით ერთხელ გადატენიდა, მისი გერმანელი “კოლეგა” “მპ”-40 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის თითქმის ნახევარი მჭიდის დაცლას ასწრებდა. სტალინის სპეციალური ბრძანებით დაიწყო საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ახალი მოდელების შექმნა და მათი მასობრივად წარმოება საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილას”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით თბილისური ავტომატებით ჰიტლერის წინააღმდეგ... / “თემქაში აწყობილი “პპს”-43 ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები დღემდე მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ საუკეთესო იარაღად ითვლება.

“თუკი ომის დაწყებას წითელი არმია შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ “პპშ”-41-ით შეხვდა, 1943 წლისთვის მეიარაღე სუდაევმა შექმნა ახალი ნიმუში - “პპს”-43, რომელიც არა მარტო “პპშ”-ს სჯობდა, არამედ გერმანულ “მპ”-40-საც (რომელსაც ბევრი შეცდომით “შმაისერად” მოიხსენიებს, თუმცა ჰუგო შმაისერს მის კონსტრუირებაში წვლილი არ მიუძღვის) ტოლს არ უდებდა და ზოგიერთი მახასიათებლით ჯაბნიდა კიდეც. მეორე მსოფლიო ომის დროს წითელმა არმიამ შეიარაღებაში სულ 765 373 ცალი სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მიიღო, საიდანაც 46 102 ცალი თბილისში დამზადდა. “პპს”-43-ს თბილისში ორ ქარხანაში აწყობდნენ - ინსტრუმენტულსა და ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელში. ეს უკანასკნელი 1939 წელს გაიხსნა, მაგრამ საამქროების გაფართოების გამო 1942 წელს თბილისის გარეუბანში გადავიდა და 1957 წლიდან ელმავლების სერიულად გამოშვების დაწყების გამო სახელად თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, შემოკლებით თემქ ეწოდა. გამოდის, ჩვენს პაპებსა და ბებიებს (მაშინ საამქროებში უფრო მეტი ქალი მუშაობდა, რადგან მამაკაცებს ომში იწვევდნენ) არცთუ მცირე გამოცდილება ჰქონიათ, თუკი ომის დროს იმდენი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ააწყვეს, დღეს თავისუფლად რომ გვეყოფოდა ქართული არმიის სრულ შესაიარაღებლად და კიდევ დარჩებოდა რეზერვისტებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პპს”-43 განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა მზვერავებსა და პარტიზანებში, თუმცა ნაალაფარი ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით შეიარაღებას არც ვერმახტის ჯარისკაცები თაკილობდნენ. ამ პოპულარობას განაპირობებდა სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (რომელსაც წითელ არმიაში ოფიციალურად ავტომატს ეძახდნენ) შედარებით მცირე გაბარიტები და მასა, დასაკეცი კონდახი და საიმედოობა. ამასთან, ტექნოლოგიურად მისი დამზადება ბევრად ადვილი იყო, ვიდრე შპაგინის “პპშ”-41-ისა, შესაბამისად, სერიული წარმოების თვითღირებულებაც მნიშვნელოვნად მცირდებოდა. საბჭოთა არმიის შეიარაღებიდან სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “პპს”-43 მხოლოდ 50-იანი წლების შუახანებში გამოდევნა "კალაშნიკოვის" ავტომატმა, თუმცა “პპს”-მა მოასწრო კორეის ომის გავლა და მას შემდეგ თითქმის ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში იყენებდნენ...” - დასძენს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა