მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. თქვენი ღირებულება ეგ იყო - ადამიანების წამება და გაუპატიურება, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული 9 წელი იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების წელი.
„9 წელზე უნდა ვისაუბროთ კიდევ დიდი ხანი იმიტომ, რომ ის 9 წელი არ იყო მხოლოდ 9 წელი. ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების 9 წელი. დღემდე გერმანიაში ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დაყავთ ბავშვები იმიტომ, რომ ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რომ იგივე არ განმეორდეს. მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. ვერ გაქაჩეთ, თორემ უარესს მოაწყობდით. ჰოლოკოსტი რა იყო იცით? - ადამიანების ღირსების შელახვა და წამება, თქვენ ეს მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ რომ გქონოდათ საშუალება, ამასაც იზამდით. თქვენი ღირებულება ეგ იყო ადამიანების წამება და გაუპატიურება. ასე ომახიანად ნამდვილად არ ვისაუბრებდი, ბატონო სერგი“, - მიმართა კობახიძემ სერგი კაპანაძეს.
კობახიძის ამ განცხადებას სერგი კაპანაძე და აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ირაკლი კობახიძის საქმე არ არის როგორი ტონით ისაუბრებენ ისინი.
„თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ომახიანობას. გაჩუმდით თუ შეიძლება. თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ხმას. ხმაში ვერ გადამფარავთ, ბატონო ირაკლი. დღემდე გერმანიის მთავრობა აჩვენებს ახალგაზრდებს, თუ რა არ უნდა განმეორდეს. ფაშისტური მთავრობიდან მოყოლებული, დღემდე, გერმანიის ყველა ხელისუფლებას აქვს უფლება ილაპარაკოს ფაშისტური გერმანიის შეცდომებზე, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას, რომელმაც გაასწრო ყველაფერში წინა ხელისუფლებას, ყავარჯნიან კაცს ახსენებდით წეღან, იმ ყავარჯნიან კაცში გყავთ ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ვერ განსაზღვრავთ ჩემი საუბრის ტონს“, - მიმართა ბობოხიძემ ირაკლი კობახიძეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:
„შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი. ამის მოთმენას არ ვაპირებ. უკვე განგისაზღვრეთ, რაზე უნდა ილაპარაკოთ, რადგან 6 წლის წინ ხმა ჩაგაგდებინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძეს.