ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო დაცვაზე - ეს არის მესიჯი, რომლითაც ყველა შემდგომი პრეზიდენტი უნდა გაფრთხილდეს, რომ  "ჭკვიანად" იყოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გააცნო.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა ეხსნება, უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის უსაფრთხოების გარანტიების სისტემის შერყევაა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტებისკენ, თუ არა მოშლისაკენ, რაც დაუშვებელია.

"ნათელია, პოლიტიკური ანგარიშსწორება რომ არის კონკრეტულად მოქმედ პრეზიდენტზე, მაგრამ ასევე დრო, როდის შემოვიდა ეს კანონპროექტი, აჩვენებს იმას, რომ ეს არის მესიჯი, რომლითაც უნდა გაფრთხილდეს ყველა შემდგომი პრეზიდენტი, რომ იყოს "ჭკვიანად" და ხასიათი არ გამოავლინოს. ამიტომ, ის არგუმენტები, რომლებიც თქვენგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერაფერს ასაბუთებს, მათ შორის, ვერ ასაბუთებს ამ ცვლილების გონივრულობას, მიზანშეწონილობას და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივ ხასიათს. კანონპროექტის სულისკვეთება არასწორი და პოლიტიკური ანგარიშსწორებითაა ნაკარნახევი“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს დებს სასწორზე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ბუნებრივია, იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას.

"ველოდი, რომ თავდაცვის კომიტეტზე იქნებოდა მეტი აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ პრეზიდენტი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, ეს სტატუსი კონსტიტუციური თვალსაზრისითაც სრულიად განსაკუთრებულია. დაცვა ნამდვილად ტვირთია, განსაკუთრებით ისეთი პირადი თვისებების მქონე ადამიანისთვის, როგორიც მოქმედი პრეზიდენტია და მას, რომ ვკითხოთ, ალბათ, საერთოდ იტყოდა უარს დაცვაზე, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მეთაურზე, ჩვენ ალბათ, სწორად უნდა გავიზიაროთ ეს. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც კომიტეტზე მოვისმინეთ არის ის, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გაუმჯობესდა და ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, მაგრამ არ ასაბუთებთ კარგად. თუ, პირობითად, ქუჩაში მომხდარი დანაშაულის სტატისტიკა მცირდება, პრეზიდენტის უსაფრთხოების კონტექსტიც შეცვლილია?" - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო