დეპუტატი ნატო ჩხეიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი და „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოკითხვაზე მივიდა. საგამოძიებო უწყებაში ის ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან ერთად გამოცხადდა.

პროკურატურაში შესვლამდე ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის დააკვირდება ვითარებას და გადაწყვეტს, მისი დაკითხვა მოხდეს სასამართლოში თუ პროკურატურაში.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რატომ არ ჰქონდათ კომუნიკაცია მას და მის მეუღლეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან, რომლებიც იმ პერიოდში მისი თანაგუნდელები იყვნენ, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ 7 და 14 სექტემბერს მათ ეს ყველაფერი იცოდნენ, „მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ ამას გამოხმაურებოდნენ“.

მისი თქმით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ განეცხადებინა პარტიის დატოვების შესახებ და აღნიშნავს, რომ ის უკვე ოფიციალურად ფრაქციას 8 ოქტომბერს დატოვებს.

„თანაგუნდელებს, რომლებიც ახლა აღარ არიან ჩემი თანაგუნდელები, ჰქონდათ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია. ზუსტად 7 და 14 სექტემბერს მათ ეს ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ ამას გამოხმაურებოდნენ. არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რამე ეთქვათ, სწორედ ამის გამო იყო, რომ მე გავაკეთე განცხადება და გამოვედი ამ პარტიიდან, ხოლო 8 ოქტომბერს ფრაქციიდან გამოვალ“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძე ასევე გამოეხმაურა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებასაც და აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა გაასაჯაროვონ, „ვანო ჩხარტიშვილი მაინც იქნებდა დამნაშავე, ვინაიდან მან არაკანონიერი საქმეები და არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინა“.

„რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, რაც არ უნდა გაასაჯაროვონ, ჩხარტიშვილი იქნება დამნაშავე, ვინაიდან ძალიან არაკანონიერი საქმეები და ძალიან არაკანონიერი მოქმედებები ჰქონდა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე ასევე გამოეხმაურა „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასაც და აღნიშნავს, რომ მას კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებით ფინანსურ ვალდებულებებზე ინფორმაცია არ აქვს.

თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ გავრცელებულ აუდიომასალაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირები, ხოლო დღეს, გამომძიებლები პირველად მოისმენენ ნატო ჩხეიძის ჩვენებას, რომელსაც ის მოწმის სტატუსით მისცემს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს