გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვის სხდომა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 10 ოქტომბერს 14:00 ჩაინიშნა.

წინასასამართლო სხდომის დასრულებამდე, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ვრცელი განმარტება გააკეთა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ და ბრალდებულს გადაწყვეტილების გაჟღერებისკენ მოუწოდა, ირჩევდა თუ არა ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, საქმის შემდგომი განხილვისათვის. გიორგი ჭანტურიამ, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას ადვოკატებთან კონსულტაცია არ გაუვლია და ასე უცბად, არჩევანს ვერ გააკეთებდა. ბრალდებულმა სხდომის გადადება მოითხოვა, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა და მას სასამართლო დარბაზში ადვოკატებთან, ბადრაგის თანდასწრებით, ცალკე დარჩენის საშუალება ზედიზედ, სხდომის დროებით შეწყვეტით, ორჯერ მისცა.

გიორგი ჭანტურიამ ვერც ამ დროის გამოყენების შემდეგ გასცა გადაჭრით პასუხი, სურდა თუ არა მას საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცემოდა, რის შემდეგაც ეკატერინე პართენიშვილმა ბრალდებულის პოზიციის დაფიქსირების გარეშე, საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეს გადასცა და საქმის არსებითი განხილვის სხდომა ჩანიშნა. ჭანტურიას ადვოკატების შეფასებით, ბრალდებულის მკაფიო პოზიციის დაფიქსირების გარეშე მოსამართლის ეს გადაწყვეტილება კანონდარღვევაა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათიდან მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომებს მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნით, სამი დღე დაუთმო.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, დღეს კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა განზრახ მკვლელობის მუხლით, გიორგი ჭანტურიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე, რაც მოსამართლემ ამჯერადაც არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის დასაბუთებით, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა სასამართლომ არსებითი განხილვების დროს უნდა განიხილოს.

გარდა ამისა, დღეს დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა საქმეში არსებული ბრალდების სამი მოწმის - თედორაძის, რეხვიაშვილისა და ჩადუნელის სატელეფონო ამონაწერების, შესაბამისი ანძების მითითებით ამოღების შესახებ, ასევე ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტის ქვითრის ამონაწერის ამოღება შემოსავლების სამსახურიდან. სასამართლოს მიერ არც ზემოთ ხსენებული შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მიერ მოსამართლისა და სასამართლოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, კამათის ფონზე მიმდინარეობდა, მოსამართლემ ადვოკატებს შენიშვნა სამჯერ მისცა და გააფრთხილა, რომ განმეორების შენთხვევაში უფრო მკაცრ ზომებს მიმართავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა