„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.

„ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.

ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას.

წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების აღმოფხვრისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ, ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრის და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.

დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისზე მიუთითებს:

კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება;

სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება, რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის კორუფციული დანაშაულების, მიუკერძოებელ გამოძიებას;

პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა;

ვიწრო ჯგუფის მიერ საჯარო რესურსების მითვისება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

სამწუხაროდ, მმართველი ჯგუფის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა და დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ კრიზისიდან გამოსავლის და ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე.

ამ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უყურადღებოდ არ დატოვოს ზემოჩამოთვლილი პრობლემები და მოითხოვოს ადეკვატური პასუხი და რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.

შექმნილი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ:

სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კონსტიტუციური ვალდებულებების და საჯარო ინტერესების შესაბამისად. ამასთან, არ დაემორჩილონ გარედან მომავალ შესაძლო უკანონო მითითებებს.

მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ასევე ბიზნესმენებმა, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ, ღიად განაცხადონ ამის შესახებ.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გააცნო.

განცხადებას ხელს აწერს: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

იხილეთ ვიდეო: "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში PSP თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის „აბდი იბრაჰიმის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
ახალი წლიდან სილქნეტის ოპტიკურ ქსელში სატელევიზიო პაკეტები იცვლება
„ავერსში“ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო
2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება