„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონპროექტი სხდომაზე, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა. კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. კერძოდ, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო ადგილზე მყოფ სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება;

ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ევროსაბჭოს 89/391/EEC დირექტივის ყველა მოთხოვნას, რომლის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებით აქვს აღებული. მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს იძენს, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს. კანონპროექტით, ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი განისაზღვრება.

პარლამენტის ინფორმაციით, დგინდება ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ბაზისი. ხდება შრომის ინსპექციის გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვება. პროექტით, შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება და შეტყობინებებზე რეაგირებისთვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე.

„ეს არის ახალი ინსტიტუცია. ერთობლივი გადასაწყვეტია როგორ მექანიზმებს შევქმნით, როგორ დავნერგავთ ამ სტრუქტურის ფუნქციონირებას და შრომის ინსპექტირების და შრომის უსაფრთხოების დაცვის როგორ კულტურას შევქმნით როგორც დამსაქმებლების ისე, დასაქმებულების მხრიდან. ეს სტრუქტურა უნდა იყოს პარტნიორი როგორც დასაქმებულებისთვის ასევე დამსაქმებლებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე, პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სახდელები. მკაცრდება სანქციები ზედამხედველი ორგანოს საქმიანობის შეფერხებისთვის და გაფრთხილების ნაცვლად დამსაქმებელს უწესებს ჯარიმას შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ოდენობის მიხედვით და მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს. ამგვარი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მოქმედი კანონით განსაზღვრული ჯარიმის ნაცვლად, რომელიც შეადგენდა 1000 ლარს, პროექტის მიხედვით დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობა. მე-20 მუხლთან დაკავშირებით მომხსენებელმა ცვლილება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ოდენობის მიხედვით ფიქსირებულ ჯარიმას. კომიტეტი მიესალმა მომხსენებლის მიერ შემოთავაზებულ ახალ ვარიანტს და თვლის, რომ რადგან ჯარიმის ოდენობა ისედაც დიფერენცირებულია, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის დაწესება აღარ წარმოადგენს აუცილებლობას და შემოსავლის მიხედვით განსაზღვრული, ფიქსირებული ჯარიმა უფრო სამართლიანი და ეფექტიანი იქნება.

ცქიტიშვილმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებიც წარადგინა.

„კანპონპროექტის ავტორების მიზანია, გაფართოვდეს საერთო სტანდარტის მოქმედება. უსაფრთხოება დაცული იყოს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არამედ, ეკონომიკის ყველა სექტორში და საჯარო სამსახურში. ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან თუმცა, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რათა ადამიანების შრომითი უფლებები ყველა სექტორში იყოს დაცული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა თამარ ხულორდავამ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად, სხდომაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საკითხის ინიციატორებმა მათ მადლობა გადაუხადეს საკითხის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო