მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018 დასრულდა

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი დასრულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გრძელდება,“ - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა.

მათი ინფორმაციით, საზეიმოდ დახურვის ღონისძიებას თსუ-ს რექტორთან ერთად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 1 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან უამრავი სტუმარი იყო ჩამოსული და მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა. ძალიან სიმბოლურია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის დახურვის ღონისძიება ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში იმართება იმიტომ, რომ დღეს აქვე იხსნება ევროპული აკადემიის ჰაბი, რომელიც საქართველოს, ახლო აღმოსავლეთს, მთლიანად კავკასიას და ცენტრალური აზიის რეგიონს დაფარავს,“ - აღნიშნა რექტორმა.

ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი აქტივობა გაიმართა, მათ შორის სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით ცერემონიაზე სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ის მეცნიერები, რომლებიც 50 წელზე მეტი სხვადასხვა ინსტიტუციებში სწორედ მეცნიერების განვითარებაზე ზრუნავდნენ.

„ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, გაცნობოდნენ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიულ გამოფენას, მონაწილეობა მიეღოთ გრაკლიანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში და სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.

ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება,“ - ნათქვამია უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა