ქეთევან ციხელაშვილი - მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებულია და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ

განსაკუთრებით შემაშფოთებელი, საგანგაშო და სამარცხვინო, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ბობნევიდან 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცებასა და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის გასათავისუფლებლად მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს ფაქტი არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანური დამოკიდებულების გამოხატულებაა, ვინაიდან საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. აპარატის თანამშრომლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ, შეხვდნენ ოჯახს და თავად მოინახულეს ის ადგილიც, სადაც უკანონო დაკავება მოხდა - საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში. ეს ადამიანი იქ მუდმივად ცხოვრობს და საქმიანობს. ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია და აბსოლუტურად მიუღებელი მოქმედებაა. ვერანაირ ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ ამას არანაირი ლეგიტიმაცია და გამართლება არ აქვს.

ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ წუთისათვის ქალბატონის გასათავისუფლებლად აბსოლუტურად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებული გახლავთ. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ცხელი ხაზით კომუნიკაცია გრძელდება, ასევე გრძელდება კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. ვიყენებთ სხვა არხებსაც, რომლითაც შესაძლებელია შედეგის მიღწევა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალბატონის მდგომარეობა. გუშინდელი დღიდან ინფორმირებულია და ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. იგი ერთადერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში წვდომა აქვს. ცხადია, მათი მხრიდან ყველა ის ღონისძიება ტარდება, რაც დაკავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ოჯახისათვის ინფორმაციის მიწოდებასთანაა დაკავშირებული. ეს კომუნიკაცია დღის განმავლობაშიც გაგრძელდება“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

„ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - აცხადებენ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო