ირაკლი კობახიძე - საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“

„სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე - ეს არის დღევანდელი ვითარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის „აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება“. „ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები. ხელმძღვანელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“. ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს - ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მმართველმა ძალამ სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაკეტილი წრე ჯერ კიდევ რჩება. „არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“, რომელსაც უწოდებენ ხოლმე ხანდახან სამოქალაქო სექტორს, ამას არ აქვს კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ მივეცით, რეალურად, სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების შესაძლებლობა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ჩაკეტილი წრე - ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ რეალობა არის მთავარი, ხომ? სერიოზული პრობლემებია. მე შეფასებას ვაკეთებ და ვადასტურებ, რაც შეეხება სიღრმეში შესვლას, ეს არ მინდა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იმავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად გაუკეთებიათ განცხადება, რომ სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე უკეთესი ვითარება იყო, ვიდრე არის დღეს. „იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ რას: ხშირად გაუკეთებიათ ასეთი განცხადება, რომ სასამართლოში, თურმე, 2012 წლამდე იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს. ანუ, წარმოიდგინეთ, ეს არის უტიფრობა, ელემენტარულად. ისინი ადეიშვილის სასამართლოს, პირდაპირ იუსტიციის ქვეშ მოქმედებდა სასამართლო სისტემა, ადარებენ დღევანდელ სისტემას. მინდა, რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოგიყვანოთ და რა დონეზე არაობიექტურია მათი შეფასებები, უბრალოდ, ამის დადასტურება მინდა. ახლა რა ხდება სასამართლოში - ეს მარტო სტატისტიკა კი არ არის, ამის უკან დგას თითოეული ადამიანის დაცული უფლება, ამ სტატისტიკის უკან დგას გადარჩენილი სიცოცხლეები და თავისუფლება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ თქვენ, ეტყობა, არ გინდათ, რომ ეს მონაცემები გავაცნო საზოგადოებას, თქვენ გაურბიხართ ამ სტატისტიკას. საზოგადოებას რომ გავაცნო ეს მონაცემები, რაში დარწმუნდებიან იცით, რომ როდესაც ეს 13 ადამიანი ამბობს იმას, რომ 2012 წლამდე სასამართლოში იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე დღეს, ისინი არიან უბრალოდ უტიფრები. როდესაც ისინი ამ კონკრეტულ ჩანაწერებს უწოდებენ იმას, რომ თურმე კორუფციის პრობლემაა ქვეყანაში, მტკიცებულების გარეშე, არასამთავრობო ხარ, „ნაცმოძრაობა“ ხომ არ ხარ და პოლიტიკური პარტია ხომ არ ხარ, ფორმალურად მაინც, შესაბამისად, როცა მტკიცებულების გარეშე ორი გაუგებარი ადამიანი ავრცელებს რაღაც ჩანაწერს და არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია ფორმალურად მაინც და შენ მტკიცებითი ფორმით, აკაკი ბობოხიძისგან რით განსხვავდები მაშინ? მტკიცებითი ფორმით გამოდიხარ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ამბობ, რომ კორუფციის პრობლემა არსებობს ქვეყანაში და არაფორმალური მმართველობის - ეს არის უტიფრობა, ეს არის, უკეთეს შემთხვევაში, არაკომპეტენტურობა, რაც მე არ მგონია, რომ ერთადერთი მიზეზი იყო, ეს არის უტიფრობა და ზუსტად ამიტომ მინდოდა ამ მონაცემების გაცნობა თქვენთვის.

ამას უწოდებენ ეს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები იმას, რომ ადეიშვილის სასამართლო ყოფილა უფრო მაგარი, ვიდრე დღევანდელი სასამართლო. სირცხვილია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლომ დაადგინა ის, რაც მოხდა სრულიად საზოგადოების წინაშე.

„რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით სასამართლომ, ცხრავე მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში, დაადგინა ის, რაც მოხდა სრულიად საზოგადოების წინაშე. თქვენ გახსოვთ, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში „რუსთავი 2“, 2004-2012 წლებში, წარსულზე ვსაუბრობ ახლაც, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში, როგორ წაართვა ერთ მესაკუთრეს, მეორე მესაკუთრეს. თქვენც ხომ იცით და მთელმა საზოგადოებამ იცის, როგორ წაართვა კანონიერ მესაკუთრეს „ნაცმოძრაობამ“ „რუსთავი 2“ და მერე როგორ წაართვა „იმედი“ . ეს ხომ იცით თქვენ. ეს თქვა სასამართლომ, მეტი კი არაფერი და რანაირად მოგყავთ ეს ფაქტი თქვენ მტკიცებულებად იმისა, რომ სასამართლოში არის პრობლემა“,- განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა