საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმება გააფორმა

ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) ასევე, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის შეთანხმება გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსური რესურსის ჯამური თანხა 74 მილიონი ევროა (KfW-49 მლნ ევრო და AFD-25 მლნ ევრო) და გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების, მათ შორის, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით.

შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ოლაფ ციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, გაელე ასაიაგმა.

ხელმოწერის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური რესურსის გამოყოფა ხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში.

„აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში.

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, ასევე, დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო