მაია ცქიტიშვილმა თბილისში სასტუმრო „მოქსი“ გახსნა

"ჯი-ემ-თი ჯგუფის" ახალი კომპლექსის ფარგლებში, სასტუმრო „მოქსი“ ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სასტუმრომ ფუნქციონირება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, თუმცა ახლა, მისი გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ და პირველ რიგში "ჯი ემ თი-ს" გუნდს, ვისი ძალისხმევითაც ასეთი კარგი ობიექტი შეემატა ქალაქს. მინდა, მივულოცო თბილისს, რომ მარცხენა სანაპიროზე ასეთი საინტერესო პროექტი გაკეთდა, რაც ტურისტულად ისედაც დატვირთულ უბანს განვითარების დამატებით სტიმულს შესძენს. „მოქსი“ არის ახალი მიმართულება „მარიოტის“ სისტემაში და სასიხარულოა, რომ ამ ტიპის პირველი სასტუმრო აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ საქართველოში აშენდა. თბილისის შემდეგ, როგორც რეგიონული განვითარების მინისტრი, ვისურვებდი, რომ ახალი „მოქსი“ უკვე ქვეყნის რეგიონებშიც გავხსნათ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში 2015-18 წლებში 200–ზე მეტი სასტუმრო აშენდა და მომავალ 3 წელიწადში კიდევ 200 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რაც მთლიანობაში დაახლოებით 36 ათასი საწოლი ადგილის შემატებას ითვალისწინებს.

„მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ეკონომ-სეგმენტის სასტუმროების გაჩენა. ვიცი, რომ ძალიან კარგი გეგმები აქვს "ჯი ემ თი ჯგუფს" და სასტუმროსთან ერთად, ახალი საინტერესო, ცოცხალი და ახალგაზრდული ადგილი შეემატება ამ უბანს, ახალი კაფეებითა და სივრცეებით. იმედი მაქვს, მალე, მთელი ინფრასტრუქტურის სრულ გახსნაში მივიღებთ მონაწილეობას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის სამთავრობო სააგენტო „ოპიკს“, რომელიც „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ სტრატეგიული პარტნიორია და მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მონაწილეობს.

პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მილიონი დოლარია.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
სილქნეტის სამთვიანი აქცია უფასო ინსტალაციაზე ამოქმედდა