მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი -  მოფარიკავეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ, პირადად არ ვიცნობდი, მათი გვარებიც არ ვიცი

მოყვარულ მოფარიკავეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ, პირადად არ ვიცნობდი, მათი გვარებიც კი არ ვიცი, - ამის შესახებ sportall.ge-სთან საუბარში საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბაზაძემ განაცხადა.

„ფარიკაობით საქართველოში უამრავი მოყვარულია დაკავებული. ჩვენი მოყვარულები დადიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მათგან ზოგს ვიცნობთ, ზოგს არ ვიცნობთ. სიმართლე გითხრათ, მე არ დავინტერესებულვარ ამ ადამიანებით. რომ გახმაურდა ეს ამბავი, მეც მაშინ გავიგე. პირადად არ ვიცნობდი მაგ ხალხს, გვარებიც არ ვიცი. მათ არანაირი თანხა არ გადაუხდიათ და არც ფედერაციას დაუხარჯავს რამე. მათ საკუთარი თავი თვითონ დაიფინანსეს“, - განაცხადა ბაზაძემ.

კითხვაზე, მოხდა თუ არა განაცხადების ავტორების შემოწმება, ნამდვილად არიან თუ არა ისინი მოფარიკავეები, ბაზაძემ განაცხადა, რომ წესით, ვიღაცას მათ შესახებ უნდა სცოდნოდა.

„როდესაც ეს მოხდა, ჩვენმა ფედერაციამ ჩამოსვლისთანავე შეატყობინა შესაბამის უწყებებს, იყო საქმე ძიებაშიც და ის ორი პიროვნება, ვინც ამ სპორტსმენებს გაჰყვა, მათი დისკვალიფიცირება მოხდა. ამავდროულად, დაგვაჯარიმეს ჩვენ და ებრაული მხარეც დაკმაყოფილდა ამ ფაქტით“, - აღნიშნა საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, 6 ქართველი მოყვარული მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა.აღნიშნულის გამო საერთაშორისო ფედერაციის მიერ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას 5000 ფრანკის ოდენობით სანქციები დაუწესდა. ასევე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და გენერალური მდივანი დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულები არიან.

იხილეთ სტატია

დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი