აკაკი ბობოხიძე - ივანიშვილი ნამდვილად არ არის უჭკუო კაცი - ეს კაცი უბრალოდ დაგვცინის, თვლის, რომ მას ქართველ ხალხთან ყველაფერი გაუვა

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის უჭკუო კაცი - ეს კაცი უბრალოდ დაგვცინის - თვლის, რომ მას ქართველ ხალხთან ყველაფერი გაუვა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

“რაც არ უნდა დააბრალო და, ბევრი რამ შეიძლება თქვა ბიძინა ივანიშვილზე, ის ნამდვილად არ არის უჭკუო კაცი. უჭკუო კაცი საქართველოს საკუთრებად ვერ გადააქცევდა და 7 მილიარდს ვერ იშოვიდა. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ ის ნამდვილად არის ჭკვიანი კაცი და ამ ჭკვიანმა კაცმა არჩევნების წინ ორი, ერთი შეხედვით სულელური გადაწყვეტილება შემოგვთავაზა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, რომ მას მოსახლეობაში ვნებათაღელვა მოჰყვებოდა. ერთი, ეს არის სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობა, რომელიც სამარცხვინო კანდიდატია და ხალხისგან შესაბამისი რეაქცია აქვს. მეორე, ეს არის მარიხუანას კულტივაციის თემა, რასაც საზოგადოების შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. ეს ლოგიკაში არ ჯდება - წესით, მსგავსი სულელური ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გადაედგა. ამიტომ რჩება მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების უფლება - ეს კაცი უბრალოდ დაგვცინის. ეს კაცი თვლის, რომ მას ქართველ ხალხთან ყველაფერი გაუვა“, - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს დასცინის, „პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმროს“. ბობოხიძემ ამომრჩეველს მიმართა, 28 ოქტომბრის არჩევნებზე იმდაგვარი არჩევანი გააკეთოს, რაც ხელისუფლებას დაამარცხებს.

აკაკი ბობოხიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და პოლიტიკური ოპოზიცია „ბინძური საარჩევნო კამპანიის“ წარმართვაში დაადანაშაულა.

“ეს ბინძური კამპანია რომ შეაჩეროთ, არ გინდათ?! სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ წარმართულიყო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. ეს იყო მისი ინიციატივა. ევროპელი ქალბატონია, ევროპული ფესვებით, ზოგიერთი “კაგებეშნიკი“ კანდიდატისგან განსხვავებით. მან შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის: - გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს. აი, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ვიღაც გენდოთ და ვიღაც რაღაცაში გამოგყვეთ. კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის არის, რომ გააჩერეთ ძალიან გთხოვთ ეს, ნუ უწოდებთ სამარცხვინო კანდიდატს. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ, რომ საპრეზიდენტო კამპანია წარმართეთ ამ ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე. ხომ არ შემოვდივარ იმის განხილვაში, ვინ არის სამარცხვინო და ვინ არ არის სამარცხვინო, სახელმწიფოებრივი თხოვნაა, ბინძური კამპანიის გარეშე წარმართეთ ეს არჩევნები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს