აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მონაწილეებს  სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟენევაში იმყოფება, სადაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციის ფარგლებში, აკაკი ზოიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თამბაქოს კონტროლის სფეროში, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით, საქართველოში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. აკაკი ზოიძემ ყურადღება თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ოქმის ძალაში შესვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ადასტურებს მზადყოფნას, შეუერთდეს საერთაშორისო ქსელს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად.

სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სესიის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა გააცნო.

„საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის წევრია 2006 წლიდან. თუმცა, ამ დრომდე, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, ნაწილობრივ კი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სრული იმპლემენტაციის მიმართულებით, პროგრესი უმნიშვნელო იყო. მხარეთა ბოლო კონფერენციის შემდეგ, საქართველომ მოახდინა თავისი ძლიერი პოლიტიკური ნების დემონსტრირება, სერიოზული ძალისხმევა გაეწია ეროვნული თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

2017 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ახალი თაობის“ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომელმაც წარმოადგინა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ზომები, მათ შორის, თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში განლაგების, ფილმებში, შოუებსა და საჯარო წარმოდგენებში მოწევის დემონსტრირების შეზღუდვა, რითიც ყველა საჯარო სივრცე თამბაქოსგან თავისუფალი გახდა“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კანონი, ასევე, გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის იმპლემენტაციას და თამბაქოს კონტროლის ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას ითვალისწინებს.

აკაკი ზოიძის განცხადებით, უკვე არსებულ მულტისექტორულ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საბჭო, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და გაუმჯობესებული კოორდინაციისა და ზედამხედველობის ქვეშ, კანონის იმპლემენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„აღსანიშნავია, რომ კანონის მთავარი დებულებების ძალაში შესვლიდან 3 თვის თავზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას, სხვადასხვა გამოკითხვებით მხარს უჭერს საზოგადოების 85 %. გარდა ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, არსებობს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის წარმატების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, სადაც მოსახლეობის ერთი მესამედი აქტიური მწეველია. აქ არსებობს ჯანდაცვის სექტორის ძლიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც მხარს უჭერს მძლავრი და სტაბილური საერთაშორისო დახმარება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, აკაკი ზოიძემ საქართველოს ხელისუფლების შემდგომ მიზნებსა და თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

„საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული გადადგას ნაბიჯები კანონმდებლობის შემდგომი დახვეწისა და აღსრულების გაუმჯობესების გზით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრულფასოვანი განხორციელებისკენ. თუმცა, ამ გზაზე, არსებობს გამოწვევები, რომლებიც გამოიხატება თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან მუდმივ მცდელობებში, მოახდინონ ზეგავლენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაზე და მათ ძალისხმევაზე, შეიტანონ თამბაქოს ნაწარმი ჯერ კიდევ დაუცველ ბაზრებზე. გამოწვევაა ინტერსექტორული კონსესუსის ნაკლებობა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ზოგიერთ სფეროში“,- განაცხადა დეპუტატმა.

სიტყვით გამოსვლისას აკაკი ზოიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს განვითარების პროგრამას, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის მთავრობებს მხარდაჭერისა და ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მიზნებს“,-განაცხადა ზოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო