ნატო-ს ოფიციალური პირი - ჩვენი ამოცანაა, საქართველო ნატო-ს საუკეთესო კანდიდატად ვაქციოთ

2004 წლიდან საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობა დასრულებულია.

ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა პირმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„საჭიროა კიდევ პროგრესი უკეთესი გამჭვირვალეობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. გვსურს გაგრძელდეს მუშაობა უმცირესობების უფლებებზე. ყოველ წელს საქართველოს მთავრობა რეფორმებს აყენებს წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში. უდავოა, რომ საქართველო ნატო-ს დაუახლოვდა. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ოპერატიული წვლილის შეტანის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. საქართველოს წვდომა აქვს ყველაზე მეტ ინსტრუმენტზე, ვიდრე რომელიმე სხვა ნატო-ს პარტნიორ ქვეყანას აქვს“, - განაცხადეს ნატო-ში.

ჟურნალისტებთან საუბარში ნატო-ს ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი, რაც ნატო-საქართველოს კონტექსტში კეთდება, საქართველოს ნატო-ში სამომავლო გაწევრიანებისთვის მომზადებაზეა მიმართული“.

„ჩვენ ასევე ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ მოვამზადოთ საქართველო თავდაცვისთვის. შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან ამ კუთხით. ნატო-შე გაწევრიანების რაიმე დროის მონაკვეთი არ არსებობს. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აქვს საქართველოს ჯერ MAP-ი, არის ის, რომ ალიანსის წევრებს შორის არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე. ჩვენი ამოცანაა, საქართველო ნატო-ს საუკეთესო კანდიდატად ვაქციოთ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ, ამ მიზანზეა ფოკუსირებული. ვიმედოვნებთ, რომ იმ წერტილამდე მივალთ, როდესაც საქართველოს ვაქცევთ საუკეთესო კანდიდატად და ეს საშუალებას მოგვცემს საქართველო წინ წავწიოთ გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა მან.

ნატო-ში ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, თუმცა ამავდროულად არ დაუშვებენ, რომ გადაუწყვეტელმა კონფლიქტმა შეაფერხოს ნატო-საქართველოს პარტნიორობა.

„თუ ჩვენ საქართველოს ნატო-ს წევრობის ძლიერ კანდიდატად გაქცევთ, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება ქვეყანა, რომელსაც შეუძლია უკეთ დაიცვას თავისი თავი, სადაც ძლიერია კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, ეს გაადვილებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაჭრას. არ ვამბობ, რომ ეს იოლი იქნება. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ბევრ სწორ ნაბიჯს დგამს“, - დასძინა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)