აშშ-ს მიერ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად დამტკიცებულ პროექტს  ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

18 თვიანი პროექტის - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ - ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიეწოდება ობიექტური და სწორი ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ უფრო მეტს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს და გააძლიერებს საქართველოს მოსახლეობის მედეგობას ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.

პროექტის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. აღნიშნული თანხა გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდება სწორი და ამომწურავი ინფორმაცია იმ დადებითი მხარეების შესახებ, რაც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოაქვს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გამოიყო მნიშვნელოვანი, მიზნობრივი, ფინანსური დახმარება ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. გრანტი, რომლის მიმღებიც გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს და ევროკავშირის ცენტრი მიმართული იქნება საქართველოს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციზე. ეს არ იქნება კონტრპროპაგანდის იარაღი, არამედ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და სწორი ნარატივები იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რაც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონული ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონული ბიურო გააგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონული მედიაორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა