ლევან იზორია - აშშ-ს თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაგვესვა, რომ რეგიონში საქართველო არის სამაგალითო

კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა ხაზი გაგვესვა, რომ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და რეგიონში საქართველო არის სამაგალითო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებსა და ნატო-ს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა ხაზი გაგვესვა, რომ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და რეგიონში საქართველო არის სამაგალითო. დღეს ჯეიმს მეტისმა ბრძანა, რომ მინისტერიალზე გამოიყენებს ფორმატს, რათა ის რეფორმები და წარმატებები, რაც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში, საჯაროდ იქნეს გაცხადებული, როგორც მაგალითი არა მხოლოდ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის, არამედ წევრი ქვეყნებისთვისაც.

ჯეიმს მატისმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მივმართეთ თავდაცვის ბიუჯეტში. ასევე პროგრესი გვაქვს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. ეს გამოიხატება პროგრამის „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის“ ერთობლივად განხორციელებაში. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მზარდი დინამიკა, რომელიც რეგიონში გვაქვს საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლებების განხორციელების თვალსაზრისით. მომავალ წელს ვგეგმავთ ორ ძალიან ამბიციურ სწავლებას. ერთი - მარტში ნატო-საქართველოს სწავლება, ხოლო მეორე - დასავლეთ საქართველოში „მტკიცე სულის“ სწავლების ჩატარება. აქ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იქნება. ჩვენ ასევე შევეხეთ ნატო-ს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებს. გვქონდა საინტერესო იდეები, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო ფართო გახდეს და აბსოლუტურად პოზიტიური იყო პასუხი ჩვენი თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა