ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე ხალხს იმისთვის არ დაუქირავებია, რომ პრობლემებზე თვალი დახუჭოს, ამ პრობლემების მთქმელს კი თავს დაესხას და თითები უქნიოს

პარლამენტის თავმჯდომარე ხალხს იმისთვის არ დაუქირავებია, რომ პრობლემებზე თვალი დახუჭოს, ამ პრობლემების მთქმელს კი თავს დაესხას და თითები უქნიოს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები ცდილობენ მოგვაჩვენონ, თითქოს ქვეყანაში პრობლემები არ არის.

„არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი მწვავე პრობლემებზე მიუთითებენ და ნაცვლად იმისა, ხელისუფლებამ პრობლემები გამოასწოროს, სექტორს თავს ესხმის. ასე არის ეს ხელისუფლება, იყო წინა ხელისუფლება და ალბათ, იმის წინა ხელისუფლებაც. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მოცემულობა. ძალიან მძიმე სურათი გაშიშვლდა ჩვენს წინაშე, როდესაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის საჯარო განცხადებაში ფაქტობრივად აღიარა, რომ მაშინ, როდესაც მას არანაირი თანამდებობა არ ეკავა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები პირი იყო და მასთან ხდებოდა შეკრებები ბიზნესის პრობლემების მოსაგვარებლად. ამის შემდეგ ვუყურებთ, რომ პარტიის და პარლამენტის წევრები ცდილობენ მოგვაჩვენონ, თითქოს ეს არ ყოფილა. ზოგიერთი მითებს თხზავს, რომ ბიზნესის რჩევების მისაღებად იყვნენ ბიძინა ივანიშვილთან მისული. ის ბიზნესმენია და, რა თქმა უნდა, ეს შეუძლია; არავინ უკრძალავს არც ლექციის წაკითხვას, არც წიგნის დაწერას და არც რჩევების მიცემას, მაგრამ განცხადება, რომელიც მან გააკეთა, აჩვენებს, რომ რჩევების მისაღებად არავინ მისულა და ბიზნესის საკითხები ირკვეოდა. მას ჰქონდა ის ფუნქციები წაღებული და შეთავსებული, რომელსაც ნორმალურ სახელმწიფოში, სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ უნდა ახორციელებდნენ საჯაროდ, გამჭვირვალედ და არა დახურულ კარს მიღმა არაფორმალური მმართველების მიერ. ეს მძიმე მოცემულობა გაშიშვლდა გახარიას და ივანიშვილის განცხადებებით. ამას ემატება სხვა ძალიან მძიმე ტენდენციები, რომელზეც ამ განცხადებაში არასამთავრობო სექტორს პირველად არ უსაუბრია - იქნება ეს კლანური მმართველობა, ძალოვანების პოლიტიზება თუ ა.შ.“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების დიდი ნაწილი რეალობას ასცდა. „ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას დამაჯერებელ პასუხებს სცემდეს, ან როგორც მას უყვარს ხოლმე თქმა, საპარლამენტო რესპუბლიკაში თავის ფუნქციას ასრულებდეს, ამ საკითხებზე მძაფრი რეაქცია ჰქონდეს, კითხვები დასვას და თავისი გუნდიდან პასუხები მოითხოვოს, რაც ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკაში მოხდებოდა, თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს. უნდა ისეთი სიტუაცია შექმნას, რომ არასამთავრობო სექტორმა თავი იმართლოს, რომ არ არის პოლიტიზებული და არ იჩქარა განცხადების გაკეთება. ხელისუფლების დიდი ნაწილი ასცდა რეალობას. პარლამენტის თავმჯდომარე არის ხალხის დაქირავებული და იმისთვის არ დაუქირავებიათ, რომ პრობლემებზე თვალი დახუჭოს, ამ პრობლემების მთქმელს თავს დაესხას და თითები უქნიოს. იმისთვის დაიქირავეს, რომ ხალხი ამ ტიპის გამოწვევების წინაშე არ იდგეს. ისინი ებრძვიან არა პრობლემას, არამედ პრობლემაზე მოსაუბრე ადამიანებს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ან არ უნდა დაინახოს ეს პრობლემები ან ვერ ხედავს, თუმცა, ორივე მძიმე რეალობაა. ფაქტია, რომ მას ამ კითხვებზე პასუხები არ გააჩნია. გვინახავს, როცა ხელისუფლებები ჩაიკეტნენ თავიანთ კომფორტის ზონაში, არ უნდოდათ ხალხის ხმის გაგონება; ეს კი არის პირდაპირი, მარტივი გზა იმისკენ, რომ არასასურველ ადგილას შევიდნენ და შეიყვანონ ქვეყანა. მგონია, რომ ის წითელი ბარათი, რომელიც არასამთავრობო სექტორმა აჩვენა ამ განცხადებით, უნდა იყოს ხელისუფლებისთვის რეალურად სიგნალი თუ აქამდე ვერ ხედავდნენ, ახლა მაინც დაინახონ პრობლემები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე - ეს არის დღევანდელი ვითარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ეს არის „აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება“.

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები. ხელმძღვანელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“. ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს - ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო