გერმანიის ბუნდესტაგის წევრი - მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება

3 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს იურგენ ჰარდტს შეხვდა, რომელიც მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო-პოლიტიკური სპიკერია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გერმანელი დეპუტატი ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს თბილისს და შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. მან განსაკუთრებით გამოყო გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა და ახალი დინამიკა შესძინა ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობას.

ამასთან, დავით ზალკალიანმა გერმანელ დეპუტატს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და სამომავლო პრიორიტეტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. ამავე კონტექსტში დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოხატული ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მინისტრი აგრეთვე შეეხო სხვადასხვა სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობაზე, რაც მისი თქმით, სერიოზულად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიის ფართო საზოგადოებაში. გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და განაცხადა, რომ საქართველო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და გამორჩეული პარტნიორია რეგიონში. იურგენ ჰარდტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, დეპუტატმა გამოხატა მკაფიო მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან. „ჩვენ ყველაზე კარგი ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსთან გვაქვს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რა თქმა უნდა, აქვს გამოწვევები. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველო ევროპისკენ სწრაფად მიიწევს. საქართველოს მთავრობა, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას. მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება”, - განაცხადა იურგენ ჰარდტმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აგრეთვე მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა მხარეებისთვის აქტუალური გლობალური თემების თაობაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო