სულხან სალაძე - თუ ლევან ყიფიანმა სადღაც მომზადებული განცხადება გაახმოვანა, იოლი წარმოსადგენია, რომ გამოძიებაც იტყვის, რომ დიახ, არაფერი ყოფილა

„თუ ეს იყო განცხადება, რომელიც სადღაც მომზადდა და ბატონმა ყიფიანმა მხოლოდ გაახმოვანა, ასეთ შემთხვევაში იოლი წარმოსადგენია, რომ გამოძიებაც ამ კურსს დაუჭერს მხარს და იტყვის, რომ დიახ, არაფერი არ ყოფილა,“ - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. სალაძის თქმით, ჩანაწერების გამოქვეყნებიდან სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე 20 დღე იყო გასული და თუ ეს ყველაფერი დადგმული იყო, მას შეეძლო ეს აქამდეც ეთქვა. სალაძის თქმით, ახლა საინტერესოა როგორ წარიმართება გამოძიება - იმუშავებს სხვა ვერსიებზეც თუ მხოლოდ ყიფიანის განცხადებას მიიღებს მთავარ ვერსიად.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო 9 სექტემბერს, ხოლო ლევან ყიფიანის მხრიდან განცხადება გაკეთდა 3 ოქტომბერს. ჩანაწერების გამოქვეყნებიდან 20 დღეზე მეტი იყო გასული და თუკი ეს პროცესი დადგმული იყო, რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და ამის გამო მონაწილეობდა ამ პროცესში, ეს თავისუფლად შეეძლო ეთქვა აქამდეც. ძალიან საინტერესოა ამ განცხადების შემდეგ, როგორ წარიმართება გამოძიება, ეცდება თუ არა გამოძიება გადაამოწმოს სხვა ვერსიები, თუ ამას მიიღებს მთავარ ვერსიად და ამ ხაზს გაჰყვება. თუ ეს იყო განცხადება, რომელიც სადღაც მომზადდა და ბატონმა ყიფიანმა მხოლოდ გაახმოვანა, ასეთ შემთხვევაში იოლი წარმოსადგენია, რომ გამოძიებაც ამ კურსს დაუჭერს მხარს და იტყვის, რომ დიახ, არაფერი არ ყოფილა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიების ერთადერთი ვერსია ის იქნება, რომ ყველაფერი დადგმული იყო, შესაძლოა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც შემოიტანონ ამ პროცესში. როგორც სალაძემ აღნიშნა, ის გამოძიების მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.

„თუ გამოძიების ერთადერთი ვერსია იქნება ის, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო კონკრეტული მიზნებისთვის და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაშინ ბატონი ოქუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება შემოიტანონ ამ პროცესში. თუმცა რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ბატონმა ყიფიანმაც და გამოძიებამაც, მთავარი კითხვები, რაც ამ პროცესშია, ცალსახაა: თანხის გატანა, რომ ნამდვილად მოხდა - ეს დადასტურებულია; ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და ბიზნესობუდსმენთან შეხვედრაზე ნამდვილად იმყოფებოდა ოქუაშვილი - ესეც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ. ამას არ უარყოფენ არც ივანიშვილი და არც გიორგი გახარია. შესაბამისად, რაღაც პროცესთან რომ გვქონდა საქმე ეს ცალსახაა. თუ გამოძიება მხოლოდ ორიენტირს აიღებს ბატონი ყიფიანის გუშინდელ განცხადებაზე, ეს არ გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხს.

თუ ეს ჩანაწერები კიდევ არსებობს და მომავალშიც გამოქვეყნდება, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს მთელი პროცესი, მათ შორის ბატონი ყიფიანის განცხადების შემდეგაც კი. ჩემი მოლოდინი, რომ გითხრათ, რომ ოპტიმისტურად ვარ გამოძიების მიმართ განწყობილი, ნამდვილად არ არის ასე,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს