სულხან სალაძე - თეა წულუკიანის გადაწყვეტილება, რომ „პალიტრამედიას“ ინფორმაცია არ მისცეს, არის უკანონო - ინფორმაციის გაცემის საკითხს განსაზღვრავს არა რომელიმე ჩინოვნიკი, არამედ კონსტიტუცია

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება, კონკრეტულ მედიასაშუალებებს არ მიაწოდოს ინფორმაცია, არის აბსოლუტურად უკანონო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, რითაც თეა წულუკიანის მიერ „პალიტრამედიის“ ჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების ბოიკოტირების საკითხს გამოეხმაურა.

სულხან სალაძის განცხადებით, საია-ს მზადაა, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ „პალიტრამედიის“ ინტერესები სასამართლოში დაიცვას.

„თუ მინისტრის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, რომ მედიასაშუალებას არ მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია, ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ამ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაცემა-არ გაცემის საკითხს განსაზღვრავს არა რომელიმე ჩინოვნიკი, მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არამედ ამას განსაზღვრავს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, უფრო მეტიც, ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ საჯარო უწყებებში დაცული ინფორმაცია ღიაა. ეს არ არის მინისტრის დონეზე განსასაზღვრი საკითხი.

როდესაც ინფორმაციის მოთხოვნიდან გადის 10 სამუშაო დღე, ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში უკვე შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. რადგან მედიას ეხება, ასეთ შემთხვევაში საია მზად არის, რომ სასამართლოში წარმომადგენლობაც განვახორციელოთ და მოვამზადოთ სარჩელიც,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე წლებია „ინფორმაციის თავისუფლების“ კანონპროექტის პარლამენტამდე მიტანა ვერ შეძლო. მისი განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტში საჯარო ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში სანქცირების მექანიზმებიცაა გათვალისწინებული. სალაძის თქმით, წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო რჩება საჯარო ინფორმაციის გამცემ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ადმინისტრაციულ ორგანოდ.

„დიდი ხანია მომზადებულია „ინფორმაციის თავისუფლების“ ახალი კანონი. ეს კანონპროექტი 2014 წლიდან დევს იუსტიციის სამინისტროში და იმტვერება. იუსტიციის სამინისტროს არ ეყო ძალა, რომ მთავრობის საშუალებით ეს კანონპროექტი მიიტანოს პარლამენტამდე. ასეთ შემთხვევებზე, როდესაც მინისტრის ზეპირი ბრძანებაა ან სურვილი, რომ არ მიაწოდოს მედიას საჯარო ინფორმაცია, სანქცირების მექანიცმებიც არის გათვალისწინებული ამ კანონპროექტში,“ - განმარტა სულხან სალაძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პირადი გადაწყვეტილებით, სამინისტრო და მასში შემავალი სტრუქტურები „პალიტრას“ ბოიკოტს უცხადებენ. უკვე თითქმის სამი წელია „პალიტრამედიის“ ჰოლდინგში შემავალ არც ერთ მედიასაშუალებას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სერვისების განვითარების სააგენტოდან და აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილ არც ერთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი არ მიუღია. როგორც აღნიშნულის მიზეზებზე bpn.ge-ს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შესაბამისი დავალება თეა წულუკიანისგან აქვთ მიღებული.

„მინისტრის მითითებაა 2015 წლიდან. მაგ პერიოდიდან არ ვპასუხობთ „პალიტრას“, გაწყვეტილი გვაქვს სამუშაო ურთიერთობა. კითხვა-პასუხის რეჟიმში „პალიტრასთან“ არ ვართ, ინფორმაციის მიცემა არ შეგვიძლია“, - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლის მიხედვით, ყველა საჯარო უწყება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს პასუხი გასცეს ან დაუყონებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს.

იხილეთ "პალიტრამედიის" თანამშრომლის და იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერი

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა